უახლოეს მომავალში ბიტკოინის დეველოპერთა ჯგუფი ახალ ინიციატივას, BIP-361 პროტოკოლს წარადგენს, რომელიც კრიპტოვალუტის ქსელის კვანტური კომპიუტერებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
გეგმა ითვალისწინებს მოწყვლად მისამართებზე არსებული აქტივების ეტაპობრივ მიგრაციას ახალ, დაცულ სისტემაზე. ინიციატივის ავტორების, მათ შორის ჯეიმსონ ლუპის განმარტებით, ეს აუცილებელი თავდაცვითი ზომაა იმ სცენარის თავიდან ასაცილებლად, როდესაც მძლავრი კვანტური მანქანები არსებული კრიპტოგრაფიული კოდების გატეხვას და ბიტკოინების მასობრივ დატაცებას შეძლებენ.
შემოთავაზებული რეფორმა სამფაზიანია და აქტივაციიდან რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი. პირველ ეტაპზე ძველი ტიპის მისამართებზე ახალი გზავნილების მიღება შეიზღუდება, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ქსელი ძველი ტიპის ციფრულ ხელმოწერებს ვალიდურად აღარ ცნობს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც საკუთარ აქტივებს ახალ მისამართებზე არ გადაიტანენ, მონეტების განკარგვის შესაძლებლობას დაკარგავენ.
Google-ის ბოლო კვლევის თანახმად, კვანტური საფრთხის წინაშე ამჟამად 6.7 მილიონი ბიტკოინი დგას, რაც კრიპტოვალუტის მთლიანი მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ კრიპტო-საზოგადოების ნაწილი ამ ინიციატივას რადიკალურად უპირისპირდება და მას ბიტკოინის მთავარი პრინციპის – აქტივებზე სრული და დამოუკიდებელი კონტროლის დარღვევად მიიჩნევს.
კრიტიკოსების შეფასებით, მონეტების იძულებითი გადატანა ცენტრალიზებულ დაგეგმარებას ჰგავს და მესაკუთრის უფლებებს ლახავს.
საპასუხოდ, დეველოპერები აცხადებენ, რომ უმოქმედობა ბევრად უფრო დიდ რისკს შეიცავს, რადგან კვანტური შეტევის და ბიტკოინის ბლოკჩეინის დაჰაკვის შემთხვევაში, ნდობა მთელი სისტემის მიმართ განადგურდება და ბიტკოინის ქსელი ფაქტობრივად ჩამოიშლება.




























