კრიპტოაქტივების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 5.9%-ით $984-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა.
ბიტკოინის ფასი 6.9%-ითაა გაზრდილი და ამჟამად ის 20,700-დოლარიან ნიშნულს აღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 390 მილიარდ დოლარს შეადგენს; რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას - ეთერეიუმის ფასი 24 საათის განმავლობაში 14.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად ერთი ETH-ის ღირებულება 1,550 დოლარს შეადგენს, ეთერიუმის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი $185-მილიარდიან ნიშნულზეა.
ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, მაგალითად: კარდანოს ღირებულება 12.3%-ითაა გაზრდილი, სოლანას ფასმა 11.4%-ით მოიმატა, პოლკადოტის კაპიტალიზაცია 10.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო პოლიგონის ფასმა ერთ დღეში თითქმის 8%-ით მოიმატა.
კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ აღმასვლის ტენდენციასთან, კერძოდ, ერთკვირიან ჭრილში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500) თითქმის 4.5%-ითაა გაზრდილი; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებამ დაახლოებით 5%-ით მოიმატა.
ბირჟების აღმასვლა ინვესტორების მაკროეკონომიკური მოლოდინების გაუმჯობესებითა და ამერიკული დოლარის შედარებით შესუსტებითაა განპირობებული.
ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის რიტორიკის შემსუბუქების ფონზე, ამერიკული დოლარის სიმყარის განმსაზღვრელი ინდექსი - DXY ერთკვირიან ჭრილში თითქმის 3.5%-ით დაეცა.




























