1. Bitcoin
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე 16,000-მდე განსხვავებული კრიპტოვალუტაა წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბიტკოინია, რომელიც ერთგვარ ციფრულ ოქროს წარმოადგენს. ბიტკოინის საბაზრო შეფასება 2 ტრილიონი დოლარის ფარგლებშია და ის პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტაა, რომელსაც როგორც ანგარიშსწორების, ასევე ტრანზაქციების განხორციელების და ქონების დაგროვების მიზნით ინახავენ. კრიპტოვალუტის კოდის თანახმად, სამყაროში 21 მილიონზე მეტი ბიტკოინი ვერასოდეს იარსებებს, ანუ ის ამოწურვადი რესურსია, რაც მისი ფასის ზრდას განაპირობებს. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინი მოძველებულ, Proof of Work სისტემაზეა დაფუძნებული, რომელიც ოპერირების პროცესში დიდი მოცულობით ელექტროენერგიას მოიხმარს და მის მაინინგს მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობები სჭირდება, თუმცა თავად ეს მოცემულობა ბიტკოინის ბლოკჩეინის უსაფრთხოებას და დაცულობას უზრუნველყოფს, რასაც ისიც ცხადყოფს, რომ უამრავი მცდელობის მიუხედავად, ბიტკოინის ბლოკჩეინი არასოდეს დაჰაკულა. სწორედ ასეთი დაცულობის, სიმარტივისა და პრაქტიკულობის გამო, ბიტკოინს ხშირად მოიხსენიებენ ციფრულ ოქროდ, თანაც მისი შემქმნელის ვინაობა უცნობია, რაც მას დამატებით უპირატესობას აძლევს სხვა კრიპტოპროექტებთან შედარებით.
2. Ethereum
უმსხვილესი კრიპტოაქტივების რეიტინგში მეორე ადგილს ეთერიუმი იკავებს, რომელიც ინვესტორების მიერ დაახლოებით 450 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმი მრავალი დანიშნულების მქონე ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელზედაც ჭკვიანი კონტრაქტების, დეცენტრალიზებული ორგანიზაციების, NFT-პროექტების და ავტომატური აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი, რაც მას უდიდეს პრაქტიკულ დანიშნულებას ანიჭებს. შეიძლება ითქვას, რომ ეთერიუმი ერთდროულადაა ციფრული ფული, საოპერაციო სისტემა და ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც არაერთი დანიშნულებით შეიძლება იქნეს გამოყენებული. ეთერიუმს ისიც გამოარჩევს, რომ მისი ბლოკჩეინი თანამედროვე Proof of Stake მექანიზმზე მუშაობს, რაც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და პროექტის ეფექტიანობას ზრდის. მართალია, ეთერიუმზე ასობით დეველოპერი მუშაობს, თუმცა კრიპტოვალუტის სახე ვიტალიკ ბუტერინია, რომელიც ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
3. Tether
სიაში მესამე ადგილს USDT-ის სიმბოლოთი ცნობილი სტეიბლკოინი იკავებს, რომლის მიღმა კომპანია Tether-ი დგას. სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, USDT-ის ფასი ყოველთვის 1 დოლარს შეადგენს, რაც მას სტაბილურ კრიპტოვალუტად აქცევს. Tether-ის დანიშნულება კრიპტოტრანზაქციების გამარტივება და ბირჟებზე ვაჭრობის პროცესის დაჩქარებაა. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლები Tether-ს ამერიკული დოლარის ალტერნატივად იყენებენ და სხვადასხვა კრიპტოვალუტებს სწორედ მისი დახმარებით ყიდიან და ყიდულობენ. თუკი სტეიბლკოინი წონასწორობის წერტილს დაკარგავს, ანუ მისი ფასი 1 დოლარზე მეტი ან ნაკლები გახდება, მაშინ ის აზრს დაკარგავს და მომხმარებლები მის გამოყენებას შეწყვეტენ. კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში Tether-ს ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს და კრიპტობირჟები ყველაზე ხშირად სწორედ მას იყენებენ, ამიტომაც USDT-ის კაპიტალიზაცია 140 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
4. Solana
მეოთხე ადგილზე, $110-მილიარდიანი საბაზრო შეფასებით, Solana-ს ვხედავთ, რომელიც ეთერიუმის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. Solana-ს ბლოკჩეინზე მარტივადაა შესაძლებელი NFT-პროექტების, დეცენტრალიზებული აპლიკაციების და ჭკვიანი კონტრაქტების დაშენება. მართალია, Solana ხუთეულში ყველაზე ახლად შექმნილი პროექტია, თუმცა ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადია, რაც მისი სიმარტივითა და მოქნილობითაა განპირობებული.
5. BNB
რეიტინგში მეხუთე ადგილზე BNB-ია, რომლის შეფასება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. თავად BNB მულტიფუნქციური კრიპტოვალუტაა, რომელიც ეთერიუმის და Solana-ს ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მას ერთი დიდი უპირატესობა აქვს, რაც მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ია. BNB-ის მიღმა, სწორედ Binance-ის გუნდი დგას, ამიტომ ის კრიპტობირჟის მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.