მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი 31,000 დოლარამდე გაიზარდა

64ad4d3a2edee
გიორგი თოლორდავა
11.07.23 17:12
778
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - დღის განმავლობაში ბიტკოინის სავაჭრო ფასმა 31,000 დოლარს მიაღწია; აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 600 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ეთერიუმთან მიმართებითაც. მისი ფასი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე 1,900 დოლარამდე გაიზარდა, აქტივის საერთო საბაზრო ღირებულებამ კი 230 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საერთო ჯამში, კრიპტოინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია, ანუ ყველა აქტივის კუმულაციური ღირებულება 1 ტრილიონ 190 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ერთთვიანი მაქსიმუმია.

მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, მომავალ წელს ბიტკოინის ფასი 120,000 დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლომდე არის იმის რეალური შანსი, რომ ბიტკოინის ღირებულებამ 50,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწიოს, თუმცა ეს გარკვეულ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ბიტკოინის ღირებულება ამჟამინდელი 31,000-დოლარიანი ფასიდან დაახლოებით 65%-ით გაიზრდება.

პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.

ბიტკოინის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად, რა თქმა უნდა, ე.წ. ჰალვინგი სახელდება, ანუ მოვლენა, რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება, ბაზარზე ახალი ბიტკოინის მიწოდება კი შეიზღუდება.

მომდევნო "ჰალვინგი" 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი ანალიტიკოსები კრიპტოაქტივების მკვეთრ გაძვირებას პროგნოზირებენ. ისტორიულად, ბიტკოინის ფასი "ჰალვინგის" შემდეგ ყოველთვის დრამატულად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები