პლანეტის უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიის, BlackRock-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, მომდევნო ათწლეულში ბიტკოინის ფასი 700,000 დოლარს მიაღწევს. ლარი ფინკის შეფასებით, კრიპტოაქტივის ზრდა სიმდიდრის ფონდების აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, თუ საინვესტიციო ფონდები თავიანთი პორტფელის 2-5%-ს ბიტკოინს დაუთმობენ, მაშინ კრიპტოვალუტის ფასი საკმაოდ მარტივად მიაღწევს 700,000-დოლარიან ნიშნულს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია BlackRock-ის პორტფელში ამჟამად დაახლოებით 570 ათასი ბიტკოინია აკუმულირებული, აქტივის საბაზრო შეფასება კი 60 მილიარდ დოლარს აღწევს. ამ მოცულობის ბიტკოინს კომპანია ბირჟაზე დალისტული ETF-ის გამო ფლობს, რომელიც ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი სავაჭრო ფონდია მსოფლიოში.
BlackRock-ის დამფუძნებლის შეფასებით, ბიტკოინი ისეთი საერთაშორისო აქტივია, რომელსაც საფინანსო სექტორში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ლარი ფინკის თქმით, თუკი უფრო მეტი აქტივის, ფასიანი ქაღალდის და საქონლის ტოკენიზაციას მოვახდენთ, ამით მსოფლიოში ბიტკოინის როლი უფრო მეტად გაიზრდება, რომელიც, თავის მხრივ, მომავალში საფინანსო ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას შეძლებს.
BlackRock-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ბიტკოინი ციფრული აქტივია, რომელიც თავისი არსით პირდაპირ კონკურენციაშია ოქროსთან, თუმცა ძვირფასი მეტალისგან განსხვავებით, ბიტკოინს სახელმწიფოების საზღვრები ვერ აჩერებს და მისი ერთი ადგილიდან მეორე წერტილში გაგზავნა ფაქტობრივად მომენტალურადაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ფინკი აღნიშნავს, რომ ბიტკოინი ტრადიციული ფულის ალტერნატივასაც წარმოადგენს, თუმცა ეროვნულ ვალუტებთან შედარებით, მისი მიწოდება შეზღუდულია, ინფლაციის რისკი კი თითქმის ნულოვანია, ამიტომაც, თავისი არსით, ბიტკოინი უფრო ციფრული ოქროა, ვიდრე დეცენტრალიზებული დოლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინკის და BlackRock-ის დამოკიდებულება ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოინდუსტრიის მიმართ დრამატულად შეიცვალა. ერთ დროს სკეპტიკურად განწყობილი ჰოლდინგი კირპტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი გახდა. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, BlackRock-მა ბიტკოინის და ეთერუმის ETF-ები გამოუშვა, რომელთა შეძენა პირდაპირ უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზეა შესაძლებელი. უფრო მეტიც, BlackRock-ის ETF-ი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფონდია, რომელიც ბირჟაზეა ხელმისაწვდომი.
ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. კრიპტო ETF-ის შემთხვევაშიც ვითარება ანალოგიურია და ის ბიტკოინსა თუ სხვა კრიპტოაქტივებში არაპირდაპირი გზით ინვესტირების საშუალებას იძლევა. თანაც ETF-თან მიმართებით გაკოტრების, თაღლითობის ან დაჰაკვის რისკები თითქმის ნულოვანია, რადგან BlackRock-ზე უსაფრთხო ორგანიზაცია პლანეტაზე ცოტა თუ მოიძებნება. BlackRock-ის მიერ ETF-ის გამოშვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, BlackRock-ს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან სრული ნდობა აქვს და ის საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობს.
აქვე, BlackRock-ის შესახებაც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, კომპანიის საბაზრო შეფასება 156 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ამჟამად 11.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს, რაც მას პლანეტაზე ყველაზე მსხვილ აქტივების მმართველ ორგანიზაციად აქცევს.




























