საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, გასულ 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია თითქმის 1%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს აღწევს.
ბიტკოინის ფასი 28,300 დოლარს შეადგენს; ეთერიუმის ფასი კი 1,570 დოლარის ფარგლებშია. საერთო ჯამში, ბიტკოინის კაპიტალიზაცია $551 მილიარდია; ეთერიუმი კი ბირჟაზე 189 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ერთდღიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 3%-ითაა გაზრდილი და ის ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის გარშემო გავრცელებულ ცნობებს უკავშირდება.
Coin Telegraph-ის ინფორმაციით, უახლოებს მომავალში მარეგულირებელი კომისია iShares-ს დასტურს მისცემს და ბიტკოინის ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის გამოშვების ნებას დართავს.
მართალია, არც კომპანია და არც მარეგულირებელი ორგანო ამ ცნობებს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა ინვესტორები მაინც პოზიტიურად არიან განწყობილნი.
ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. კრიპტო ETF-ის გამოშვების შემთხვევაში, iShares-ს ექნება საშუალება, ბიტკოინის ფონდი ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე განათავსოს.