ბიტკოინის მაინერების ჩამონათვალში პირველ ადგილს ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, რომელზედაც გლობალური მაინინგის 29% მოდის. აშშ-ის დომინანტური პოზიცია გასაგებია, რადგან მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში ბიტკოინი და კრიპტოვალუტები ძალიან უყვართ, თანაც არამხოლოდ ინდივიდუალურ ინვესტორებს, არამედ კომპანიებსა და კორპორაციებს.
საერთო ჯამში, აშშ-ის ბაზარზე 14 მსხვილი კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც დიდი ზომის data-ცენტრებს და ათასობით მაინერს ფლობენ. ზემოხსენებული კომპანიები საერთო კომპიუტერული სიმძლავრის 70%-ს აკონტროლებენ.
ცხადია, ამერიკის ყველა შტატი არ არის მიმზიდველი კრიპტოვალუტების მაინინგისათვის, ამიტომაც data-ცენტრებს, უმეტესწილად, ისეთ შტატებში ვხედავთ, სადაც შედარებით იაფი ელექტროენერგია და დაბალი გადასახადებია.
ანალიტიკოსების შეფასებით, დროსთან ერთად, გლობალურ მაინინგში ამერიკის პოზიცია უფრო მეტად გამყარდება, რადგან ამჟამად რამდენიმე ახალი DATA-ცენტრი შენდება და თან ქვეყნის კანონმდებლობა კრიპტოინდუსტრიისათვის უფრო მეტად ხელსაყრელი ხდება.