მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტიდან გაურკვეველი რჩება, როგორ იცვლება სსიპ-ების დაფინანსება - აუდიტის სამსახური

60f981e879236
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.21 22:21
846
მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯების 1.1 მილიარდი ლარით ზრდის. დღეს პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი. დღესვე გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელშიც უწყება ბიუჯეტის მრავალ ნაკლოვანებაზე საუბრობს. აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ დოკუმენტიდან ვერ დგინდება, თუ როგორ იცვლება სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსება, რადგანაც ისინი მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში არ შეიყვანა.

ხარჯვით ნაწილთან ერთად აუდიტის სამსახურს კითხვები და შენიშვნები აქვს ბიუჯეტში არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან და ეკონომიკური შოკების ანალიზთან დაკავშირებითაც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი შენიშვნები:

"საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა კაპიტალური პროექტების დანართის განახლება. შესაბამისად, პროექტი არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა მასშტაბის ცვლილებები განიცადა საინვესტიციო პროექტებმა და რა ღონისძიებების განხორციელება იგეგმება მიმდინარე ფისკალურ წელს.

არ მომხდარა სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც შეუძლებელს ხდის იმის ანალიზს, თუ რა გავლენას ახდენს ცვლილების პაკეტი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე და რა მოცულობის რესურსის მობილიზება/განკარგვა იგეგმება მათ მიერ. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებულ ნაკლოვანებას, რაზეც ყურადღება იქნა გამახვილებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გასული წლების მოხსენებებში.

კანონპროექტს თან ახლავს პროგრამული ბიუჯეტის დანართი, პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნობრივი მაჩვენებლების ცვლილების შესახებ. მოცემულ დოკუმენტში არ მომხდარა ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებლის დაკორექტირება, რომელსაც შეეცვალა ასიგნებების მოცულობა.

საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ეკონომიკური შოკების ანალიზი, ძირითად შემთხვევაში, არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისკების სხვადასხვა ხარისხით მატერიალიზაცია რა მასშტაბით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-ფაქტორები და მათგან გამოწვეული ეფექტები ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული შოკების რეალიზაციის შეფასებასა და ანალიზს. ასევე, მიზანშეწონილია, დოკუმენტი მოიცავდეს კონკრეტულ ინფორმაციას თითოეული სცენარის შემთხვევაში, რისკების მატერიალიზაციასთან დაკავშირებული დაშვებების შესახებ,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები