"არც ბიუჯეტის კანონში და არც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ ხდება ინფორმაციის წარმოდგენა საწარმოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მოცულობის შესახებ", - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული.
აუდიტის განმარტებით, ინფორმაციის წარმოდგენა ნაწილობრივ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე თანდართულ „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას სესხებისა და სუბსიდიების სახით სახელმწიფო საწარმოებზე გაცემული დაფინანსების შესახებ, თუმცა არ მოიცავს ინფორმაციას „სხვა ხარჯების“ მუხლიდან მიმდინარე და კაპიტალური ტრანსფერების სახით გაცემული თანხების შესახებ. გარდა ამისა, დოკუმენტში წარმოდგენილი მონაცემები არ იძლევა ინფორმაციას გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის შესახებ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიზით, 2024 წელს ხუთი სამინისტროს კონტროლს ქვეშ მყოფმა საწარმოებმა სახელმწიფო ბიუჯეტის „ხარჯების“ მუხლიდან ჯამურად 1.03 მლრდ ლარი მიიღეს. აღნიშნული თანხიდან 794.1 მლნ ლარი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. თანხის დარჩენილი ნაწილი (231.1 მლნ ლარი) კი ცალკეული აქტივობების სუბსიდირებაზე, კომპანიების ფუნქციონირების ხარჯების ან/და მათ ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვაზე მიიმართა. მაგალითად, ფუნქციონირების ხარჯების დაფარვისთვის თანხა გადაერიცხათ შპს „საქართველოს მელიორაციას“ (25 მლნ ლარი)“ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ (16.5 მლნ ლარი). ფუნქციონირების ხარჯებისა და ვალდებულებების დაფარვისთვის თანხა გადაერიცხა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (130.6 მლნ ლარი). გარდა აღნიშნულისა, კომპანიებმა საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის სახით მიიღეს 200.9 მლნ ლარი. აღნიშნულ კომპონენტში უმსხვილესი თანხები გაიცა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ (105.5 მლნ ლარი) და სს „სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ (82.1 მლნ ლარი)“, - წერია აუდიტის მოხსენებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ფისკალური გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის, მიზანშეწონილია, სახელმწიფო საწარმოების მიერ (სექტორიზაციის გათვალისწინებით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია, დაფინანსების მიზნობრიობის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში. აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინა მოხსენებებშიც.
ამასთან, აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 82 საწარმოს ჯამური შემოსულობები 2.7 მლრდ ლარს, ხოლო გადასახდელები 2.5 მლრდ ლარს შეადგენს. შემოსულობების 75.1% (2.0 მლრდ ლარი) მობილიზებული იქნა 4 საწარმოს მიერ, რომელთა გადასახდელები თავის მხრივ (1.7 მლრდ ლარი) განხილული 82 საწარმოს ჯამური გადასახდელების 69.3%-ია. საწარმოების კონსოლიდირებული ფისკალური ბალანსი დადებითია და 167.5 მლნ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №269 ბრძანებითა და საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის №6 დადგენილებით, სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოები ეტაპობრივად უნდა გადავიდნენ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მომსახურებაზე. კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრამდე ხაზინის მომსახურებაზე უნდა გადავიდეს არანაკლებ 5 საწარმო, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე - არანაკლებ 160 საწარმო, ხოლო 2026 წლის 1 იანვრამდე - ყველა დარჩენილი საწარმო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაყვანილია ექვსი სახელმწიფო საწარმო.