მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიუჯეტს საგადასახადო შეღავათები ₾6.4 მილიარდი დაუჯდა - რომელმა სექტორებმა ისარგებლეს?

ფული ლარი

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2024 წელს ბიუჯეტმა 6.4 მილიარდი ლარი საგადასახადო შეღავათების გამო ვერ მიიღო. სამინისტრომ საგადასახადო დანახარჯების ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათების მოცულობებს აჯამებს.

უწყების ინფორმაციით, თუკი 2023 წელს საგადასახადო შეღავათების ჯამური ეფექტი 5.9 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2024 წელს ის 6.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, თუმცა უშუალოდ მშპ-სთან მიმართებით საშემოსავლო დანახარჯები 7.3%-დან, 7%-მდე შემცირდა.

დღგ – ყველაზე მეტი საგადასახადო შეღავათი დამატებული ღირებულების გადასახადს უკავშირდება

2024 წელს დღგ-ს საგადასახადო დანახარჯებმა მთლიანი დანახარჯების 94% შეადგინა, ანუ დაახლოებით 6 მილიარდი ლარი. დღგ-ს დანახარჯები ძირითადად მოდის განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტული სექტორებიდან, რომლებიც დაბეგვრისგან ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან.

ჯანდაცვის სექტორში დღგ-ს დანახარჯმა 2024 წელს 845 მილიონი ლარი შეადგინა (მშპ-ს 0.92%), განათლებაში - 808 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობაში - 617 მილიონი ლარი, ხოლო ფარმაცევტულ სფეროში - 598 მილიონი ლარი.

საშემოსავლო და მოგების გადასახადების დანახარჯები მცირდება

მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დანახარჯების საერთო მოცულობამ 2024 წელს 405 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 0.44%-ია.

  • საშემოსავლო გადასახადის დანახარჯი — 216 მილიონი ლარი (მშპ-ს 0.24%);
  • განაწილებული მოგების გადასახადის დანახარჯი — 116 მილიონი ლარი (მშპ-ს 0.13%);

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, საშემოსავლო გადასახადის დანახარჯების შემცირება გამოწვეულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მოქმედი შეღავათების კლებით.

სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საგადასახადო დანახარჯები წარმოადგენს მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგს, რომლის მიზანია სოციალური მიზნების მიღწევა და ეკონომიკური აქტივობის მხარდაჭერა. თუმცა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეღავათების გაზრდა ნიშნავს საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვას, რის გამოც მათი მუდმივი შეფასება და ანალიზი აუცილებელია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული საგადასახადო დანახარჯების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა ნომინალურად, თუმცა ეკონომიკის ზრდასთან ერთად მათი წილი მშპ-ში მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები