მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ასოციაციას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ორი შენიშვნა დარჩა

5efcb8d71331b
დავით ჯალაღონია
01.07.20 23:10
3620
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ორი შენიშვნა დარჩა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, თუ პარლამენტი კანონპროექტს არსებული რედაქციით მიიღებს, ეს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს დააზარალებს.

"ჩვენთან 400-მდე წევრი კომპანიაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის 70%-ზე მეტს წარმოადგენენ და ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათი ადვოკატები ვიყოთ და საერთო ინტერესები დავიცვათ.

აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია: პირველია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება. ვფიქრობთ, რომ ეს განაკვეთი, რაც შემოთავაზებულია, მიუღებელია ბიზნესისთვის და ასევე არის შრომის ინსპექციის უფლებების ძალიან გაფართოება, რომელიც ვფიქრობ, რომ არც სახელმწიფოს ინტერესებში უნდა ჯდებოდეს, არც დასაქმებულების და არც - დამსაქმებლების. ჩვენ ასევე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენს წევრებთან არაერთი შეხვედრა გავაკეთეთ და ყველა ერთხმად აღვნიშნავთ, რომ ეს კანონპროექტი, თუ ამ ცვლილებებით შევა ძალაში, არც დასაქმებულებისთვის არის კარგი და არც დამსაქმებლებისთვის", - განაცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო - ყოველი საათი, ნორმირებული დროის განმავლობაში 1 საათში გადახდილი თანხის მინიმუმ 125%-ით უნდა ანაზღაურდეს.

რაც შეეხება შრომის ინსპექციას, მისი მანდატი ფართოვდება და საწარმოში ინსპექტორს სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლა შეეძლება, თუმცა შესაძლოა, კანონში ჩაიწეროს, რომ კომპანიას შემოწმებამდე წერილობითი გაფრთხილება მიეცემა.

აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები