მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს თავის დროზე ყიდის. ადრე ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ - სოსო ფხაკაძე

ბიზნესმენი

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი ოდენობით რეზერვების გაყიდვას დადებითად აფასებს. როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა, სებ-ი სავალუტო ბაზარზე სწორ დროს ჩაერია.

„ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს თავის დროზე ყიდის. ადრე ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ“, - განაცხადა მან.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი სავალუტო რეზერვების შევსების საკითხში და მიაჩნია, რომ რეზერვების თავიდან დაგროვებას ბანკი მალე შეძლებს.

"ეროვნულ ბანკს იმიტომ აქვს რეზერვები, რომ თანადროულად უნდა ჩაერიოს და არ უნდა დააგვიანოს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, სებ-ი უფრო მეტ რეზერვს გაყიდის, ვიდრე ის გაყიდდა, თავიდანვე რომ ჩარეულიყო და კარგია, რომ ეს ასე ხდება. ბოლო პერიოდია, სებ-ი რეზერვებს თავის დროზე ყიდის, ადრე ეს ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ. ახლა, რამდენიმე წელია თავის დროზე ერევა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე და როგორც კი ლარის კურსის გაუფასურებას თავიდან აიცილებს, მალე იწყებს უკან დოლარების შესყიდვას.

დარწმუნებული ვართ, რამდენიმე კვირაში სებ-ი ისევ დაიწყებს იმ თანხის უკან შესყიდვას, რაც გაყიდა და ისევ შეავსებს სავალუტო რეზერვებს", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.

Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა არვინდ რამაკრიშნანმა „ანალიტიკა“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეზერვების ადეკვატურობის ნიშნული დარღვეულია, ვინაიდან სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, რეზერვების მოცულობა მიმდინარე ანგარიშის გადახდების მხოლოდ 2.6 თვეს ფარავს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებულ მინიმალურ ზღვარზე - 3 თვეზე დაბალია.

საკითხზე "ანალიტიკას" კითხვას უპასუხა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა და განაცხადა, რომ სებ-მა ინტერვენციები მოლოდინების მართვისთვის განახორციელა, რათა კურსის გაუფასურებას უფრო მეტი მოლოდინი და აჟიოტაჟი არ გაეჩინა ბაზარზე. დავით უტიაშვილის თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერ პოზიციებზე ნარჩუნდება და ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები