„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე სებ-ის მიერ წინასაარჩევნოდ დიდი რაოდენობით რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით შეფასებაზე თავს იკავებს.
როგორც მან bm.ge-სთან განაცხადა, ასოციაციის მხრიდან შეფასება მართებულად არ მიაჩნია, მაგრამ ასევე ამბობს რომ რეზერვების ერთ-ერთი მიზნობრიობა ეროვნული ვალუტის რყევებისგან დაცვაა.
„მიზანშეწონილობას რაც შეეხება , მე მგონი სწორი არ იქნება, ასოციაციამ შეაფასოს რამდენად სწორი იყო, მაგრამ მეორე მხარეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ რომ აღნიშნული რეზერვების ერთ-ერთი მიზნობრიობა მოკლევადიანი რყევების შესუსტებაა და უფრო გრძელვადიანი ზემოქმედება არ მოახდინოს როგორც ეკონომიკაზე ასევე ლარზე. დღეს თავს შევიკავებ შეფასებისგან, ეს მოცულობა უნდა ყოფილიყო თუ უფრო ნაკლები. ფაქტია, რომ ლარის კურსის რყევა მინიმალურია ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ სებ-ის ამ ქმედების ეფექტიანობის განსაზღვრა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იქნება შესაძლებელი.
გუშინ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და თქვა, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვებმა 540 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ: 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.