მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სებ-თან კომპლექსური მსჯელობა მიმდინარეობს" - საბანკო ასოციაცია გადახდებისას საკომისიოს ზედა ზღვრის დაწესებაზე

ალექსანდრე ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდებისას საკომისიო ზღვრის დაწესების საკითხზე ეროვნულ ბანკთან კომპლექსური მსჯელობა მიმდინარეობს.

პარლამენტი ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს.

„მიზნობრიობა აბსოლუტურად ნათელი, სამწუხაროდ, არ არის, რადგან განხილვის პროცესში ვართ“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ცალსახად ვერ შეფასდება, რადგან ეს საკითხი კომპლექსურია.

„ეს მხოლოდ საკომისიოების საკითხი არ არის. შიგნით რამდენიმე მიმართულებაა, ამაზე ეროვნულ ბანკთან მიმართებით ჯერჯერობით კომპლექსური მსჯელობა მიმდინარეობს, რადგან არსებობს გარკვეული კითხვები და რეკომენდაციები. ეს ინიციატივა წინა პერიოდშიც იყო და დროში გადავადდა - ეს შეეხებოდა ურთიერთჩათვლის საკომისიოს და კიდევ რამდენიმე სხვა საკითხია, რაც მნიშვნელოვან განხილვას მოითხოვს. ამას ასე ცალსახად ვერ შევაფასებთ, რადგან შესაძლებელია ერთი კუთხით ამ მიმართულების დარეგულირება ვიღაცისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს და რაზე შეიძლება სხვანაირად აისახოს, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები