მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე Bm.ge-სთან ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვის საკითხს აფასებს.
არჩილ ბაკურაძე ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ სებ-ის ფუნქცია სწორედ ის არის, რომ აჟიოტაჟის დროს გამოიყენოს თავისი რეზერვები და მას მოლოდინი აქვს რომ სებ-ი მის შევსებას ისევ მოახერხებს.
„ეროვნული ბანკის ფუნქციაა, სწორედ ამ აჟიოტაჟის დროს გამოიყენოს თავისი რეზერვები. ჩემთვის რთულია შევაფასო, რადგან ვენდობი ეროვნული ბანკის მექანიზმებს და გადაწყვეტილების მიღების მიდგომებს. რადგან ამ რეზერვების გამოყენება საჭირო გახდა, რას ვიზამთ, იმედია ისევ დაიწყება დაგროვების და აკუმულირების პერიოდი", - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, მარტივი იქნება რეზერვების ისევ შევსება? ბაკურაძემ უპასუხა, რომ "მგონი კი".
"მე მგონი მარტივი იქნება. არჩევნების შემდეგ კურსის ქცევა და ეროვნული ბანკის ინტერვენციების არ განხორციელება კარგი ნიშანია. ფინანსური სექტორი ჯანსაღი, მყარია და ვფიქრობ [რეზერვების შევსება] ჩვეულებრივი ამბავი იქნება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა არვინდ რამაკრიშნანმა „ანალიტიკა“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეზერვების ადეკვატურობის ნიშნული დარღვეულია, ვინაიდან სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, რეზერვების მოცულობა მიმდინარე ანგარიშის გადახდების მხოლოდ 2.6 თვეს ფარავს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებულ მინიმალურ ზღვარზე - 3 თვეზე დაბალია.
საკითხზე "ანალიტიკას" კითხვას უპასუხა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა და განაცხადა, რომ სებ-მა ინტერვენციები მოლოდინების მართვისთვის განახორციელა, რათა კურსის გაუფასურებას უფრო მეტი მოლოდინი და აჟიოტაჟი არ გაეჩინა ბაზარზე. დავით უტიაშვილის თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერ პოზიციებზე ნარჩუნდება და ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს.