მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნეს კლიმატი, დასაქმების ბარომეტრი, ინვესტიციები - BAG-მა I კვარტალის ინდექსი გამოაქვეყნა

BAG
28.03.25 16:35
521

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის IV კვარტალში BAG ინდექსი დღემდე საჯარო არ იყო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის პირველი კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში. გამოკითხვის შედეგად, კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მოლოდინები დადებითად შეაფასეს.

"2025 წლის პირველ კვარტალში 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 3,3 ქულით შემცირდა, თუმცა მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია 9,6 ქულით, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მაჩვენებელია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალს გასული წლის პირველ კვარტალს ბიზნესის მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მომსახურების და მშენებლობის სექტორებში და ოდნავ შემცირებულია მრეწველობის სექტორში და შესაბამისად ამ ნაწილშიც დადებითი დინამიკა გამოვლინდა.

ასევე საგულისხმოა, დასაქმების მაჩვენებელი, კერძოდ 2025 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ხოლო რაც შეეხება 2025 წლის მეორე კვარტალის მოლოდინებს, გამოკითხული კომპანიების 29 % ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. 2025 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ყველაზე მეტი ზრდა მშენებლობის/დეველოპერულ სექტორში დაფიქსირდა, რაც შეეხება ამ კუთხით მოლოდინებს 2025 წლის მეორე კვარტალში ყველაზე პოზიტიური შეფასებებით ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა.

ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში პირველი ადგილი დაიკავა ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობამ, მაშინ როცა ეს ფაქტორი უკვე დიდი ხანია მეოთხე, მეხუთე ადგილს იკავებდა ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, რაც მიუთითებს ქართული ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის სენსიტიურობაზე ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულ კომპანიათა უმეტესობის აზრით, მოლოდინები მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ლარის კურსთან მიმართებით პოზიტიურია და კომპანიები ელიან, რომ ლარის კურსი სტაბილური იქნება. აღნიშნული კი იმის შედეგია, რომ ბოლო პერიოდში ვითარება შიდა სავალუტო ბაზარზე დასტაბილურდა", - ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები