მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნეს მგზავრებისა და ბიზნეს სერვისებისთვის აეროპორტში ახალი სივრცე შეიქმნება" - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ინვესტიციის ფარგლებში იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის განახლება, ასევე დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნაც.

საქმე ისაა, რომ დღეს, მთავრობამ ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის თბილისის აეროპორტის მართვის ვადა 5 წლით 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის ფარგლებში, აეროპორტის მმართველმა კომპანიამ თბილისის აეროპორტის გაფართოებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მთავრობის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს. ასევე თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება.

თეა ზაქარაძის თქმით, სიახლეები იგეგმება ბიზნესმგზავრებისთვისაც.

„ბიზნესმგზავრებისა და ბიზნესსერვისებისთვის აბსოლუტურად ახალი სივრცე იქმნება, სამჯერ უფრო დიდი, ვიდრე დღეს გვაქვს. კერძო ჩარტერებისთვის, იმ ადამიანებისა და ბიზნესმენებისთვს, რომლებიც საკუთარი თვითმფრინავებით გადაადგილდებიან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის კარებია, შესაბამისად, ყველანაირი ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს. სწორედ ეს ინვესტიცია ითვალისწინებს იმ ინფრასტრუქტურას, რაც დღეს ჩვენ არ გვაქვს და არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებას.

რაც შეეხება ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, მოგეხსენებათ, რომ არსებული კონტრაქტი, რომელიც 2027 წელს სრულდებოდა, 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ეს ნიშნავს, რომ არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 5-6 წლით აბსოლუტურად საკმარისია იმ ტრაფიკისთვის, იმ ავიაკომპანიებისა და რაოდენობისთვის, რაც გვაქვს და გვექნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მხოლოდ დავამატებთ თვითმფრინავების სადგომებს“, - აღნიშნა ზაქარაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იურიდიულად სახელმწიფო კომპანიის - "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებაშია, ხოლო "ტავ ურბან ჯორჯია" საკონცესიო შეთანხმების შესაბამისად, აეროპორტის ოპერატორია. 2024 წელს "ტავ ურბან ჯორჯიას", ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსავალი 341.4 მილიონი ლარი, მოგება კი 184.2 მილიონი ლარი იყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სალიცენზიო ხელშეკრულების შესაბამისად, საერთაშორისო რეისზე თითოეულ მგზავრზე გამგზავრების მომსახურებიდან $25-ის შემოსავალს იღებს.

როგორი იქნება თბილისის საერთშორისო აეროპორტი გაფართოების შემდეგ? - ფოტოები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები