სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „აგრო-1959“-ის მმართველმა პარტნიორმა, გელა ხანიშვილმა, გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას სექტორში არსებულ მკვეთრ დისბალანსსა და განვითარების პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ბიზნეს-სოფლის მეურნეობას ალტერნატივა არ გააჩნია, რასაც ციფრებიც მოწმობს.
ხანიშვილის განმარტებით, ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორი ერთ დასაქმებულზე შექმნილი ღირებულებაა. მისი თქმით, შინამეურნეობებისა და ორგანიზებული ბიზნესის ეფექტურობა რადიკალურად განსხვავდება.
„ბიზნეს-სოფლის მეურნეობა ერთ დასაქმებულზე 48 ათას ლარს ქმნიდა, ბოლო წლები წამოსვლის (მინისტრის მოადგილის პოსტიდან) გამო ანალიზი აღარ გამიკეთებია, ეს მაშინ როცა შინამეურნეობა მხოლოდ 6 000 ლარს აგენერირებდა. აცდენა ძალიან დიდია და ეს ყველა მაჩვენებელში ჩანს. ორგანიზებულ ბიზნეს-სოფლის მეურნეობას ალტერნატივა არ აქვს".
ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა საექსპორტო დინამიკაზეც და აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. მისი მონაცემებით, ჯამურმა ექსპორტმა მილიარდ 825 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც უშუალოდ ქართული პროდუქცია მილიარდ 577 მილიონს შეადგენდა.
ხანიშვილმა გაიხსენა 2020 წელს გაკეთებული პროგნოზიც: 2030 წლისთვის ექსპორტის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამავე პერიოდში იმპორტზე დამოკიდებულების 500 მილიონი დოლარით შემცირება.
დარგის განვითარების მაგალითად ხანიშვილმა ვაშლისა და მოცვის კულტურები მოიყვანა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამებმა პროდუქციის ხარისხი და ერთგვაროვნება უზრუნველყო:
- ვაშლი: ადრეული 1000–2000 ტონიდან ექსპორტი 20 ათას ტონამდე გაიზარდა.
- მოცვი: ახალმა კულტურამ თითქმის 50 მილიონ დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
- კარტოფილი: 2025 წელს ექსპორტზე რეკორდული, 85 ათასი ტონა პროდუქცია გავიდა.
მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ფერმერების ორიენტირი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამსხვილებაზე სწორია. თუმცა, მიწების კონსოლიდაციისა და კოოპერატივების განვითარებისთვის სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა კვლავ გადამწყვეტია.
„ჩვენი საყრდენი კოოპერატივებში არის კოლმეურნეობა და საზოგადოება შეშინებულია. დანიას 105 წელი დასჭირდა კოოპერაციის იმ დონემდე მისასვლელად, რაც დღეს აქვთ. ჩვენ ეს გზა გასავლელი გვაქვს“, - აღნიშნა გელა ხანიშვილმა.
დასასრულს, მან ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შესაძლოა შემცირდეს, თუმცა აბსოლუტური მაჩვენებლები აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რაც ქვეყნის ძლიერი აგროსექტორის გარანტი იქნება.
ცნობისთვის, გასულ კვირას Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა. ინდექსის თანახმად, დარგის გამოწვევას წარმოადგენს ფერმერული მეურნეობების მცირე ზომა, რაც თავის მხრივ პროდუქტიულობის და ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოში ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაჩვენებელი როგორც ბოსტნეულის, ასევე ხილის და მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში რეგიონის ქვეყნების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.




























