სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი აგრობიზნესში აქტიურად დაბრუნდა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის კომპანია „შინდისის ატამი მელოტერას“ დამფუძნებელი და დირექტორია და პარტნიორ დავით ბერუაშვილთან ერთად, შინდისში, 32 ჰექტარ ფართობზე ესპანური ჯიშის ატმის ბაღებს აშენებს. პირველ მოსავალს სამ წელიწადში ელიან.
„მიზანია, ატმის ბაღები 200 ჰა-მდე გავზარდოთ“, - ამბობს ის.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 7 მილიონი ლარია. ბიზნესის დასაწყებად ინვესტორებმა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ ისარგებლეს.

გელა ხანიშვილის განმარტებით, არჩევანი ესპანურ ჯიშებზე მაღალი ხარისხისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნის გამო შეაჩერეს. მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ბაღების გაშენების პირველი გამოცდილება უკვე არსებობს ქანდაში.
„ბაღების გაშენებისა და მოვლის პროცესს, ესპანელი კონსულტანტების ზედამხედველობით, კომპანია „აგროვერო“ უძღვება. ესპანური ჯიში იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს არის ძალზე მაღალხარისხიანი ნერგი და შესაბამისად, პროდუქცია - აბსოლუტურად თანამედროვე, მსოფლიო და ევროპის ბაზრისთვის მისაღები. მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, საკუთარ თავზე არაფერი ამიღია. ესპანელები გვყავს დაქირავებული, როგორც საკონსულტაციო კომპანია. მთელი აგრონომიული ჯგუფი ესპანელების დიდი რეკომენდაციების ქვეშ აშენებს ამ ბაღებს და უვლის“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.
მისივე თქმით, პროექტი სრულად თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. ბაღში უკვე მოწყობილია ჭაბურღილები და წვეთოვანი სარწყავი სისტემა, იტალიიდან იმპორტირებული ბოძებითა და ბადეებით კი საქართველოში პირველი ანტიგრადუსული (სეტყვისგან დამცავი) ატმის ბაღი შეიქმნება. გარდა ამისა, კომპანია საგაზაფხულო ყინვების საწინააღმდეგო აპარატურისა და საკუთარი მეტეოსადგურის შეძენას გეგმავს. პროექტი თავიდანვე GlobalGAP-ის სტანდარტების სრული დაცვით შენდება.
პროექტის მთავარი მიზანი პროდუქციის სრული ექსპორტია, რისი გარანტიაც ინვესტორებს ესპანელმა პარტნიორებმა უკვე მისცეს.
„ამოცანა არის სრულად ექსპორტზე გატანა. ესპანელები თვითონ გვეუბნებიან, რომ რაც მეტი ფართობი გვექნება, მთლიანად წაიღებენ ექსპორტზე ამ პროდუქციას. შინდისის ატმის ბაღები იქნება მაგალითი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს საქართველოში - მოვიყვანოთ უფრო უკეთესი ხარისხის პროდუქცია, მაგრამ იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რაც მსოფლიოშია“, - განმარტავს ის.
რაც შეეხება დასაქმებას, კომპანიამ ადამიანურ ფაქტორზე დამოკიდებულების შესამცირებლად სპეციალიზებული ევროპული ტექნიკა და ტრაქტორები შეიძინა.
„ამჟამად სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ ბაღს 10-15 მაღალკვალიფიციური მუდმივი სპეციალისტი ეყოლება, რომელთა გადამზადებაზეც ესპანელი აგრონომები ზრუნავენ“, - აღნიშნა გელა ხანიშვილმა და დასძინა, რომ შინდისის ბაღების ბაზაზე სპეციალური ტრენინგცენტრის მოწყობაც იგეგმება.




























