"საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გაზარდოს პროდუქციის მოცულობა მიწის იმ ფართობებზე, რა ფართობებიც მუშავდება", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „აგრო-1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა "ანალიტიკაში" სტუმრობისას აღნიშნა. მან სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება დაუმუშავებელ მიწებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პრობლემაა არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ფერმერების დაუმუშავებელი მიწების რაოდენობა.
"ფერმერებს რაც მიწები აქვთ, იქ მკვეთრად მცირდება დამუშავებული ფართობების რაოდენობა. ისინი გადადიან სხვა სექტორში, ვინაიდან სოფლის მეურნეობა რისკია, ან ქვეყნიდან გადიან, ან არ ამუშავებენ.
ეს პრობლემები გადასაწყვეტია. მე სამინისტროში დავტოვე მიწების კონსოლიდაციის პროექტი, რომელსაც მიწის სააგენტო ასრულებს. კანონმდებლობაში არის ჩადებული მიწის ბანკის შექმნის თემა, რომელიც ყიდვა-გაყიდვის საგანი იქნება. ჩვენ მივალთ იქამდე, რომ მიწის მფლობელი უნდა იყოს ცოდნით და პროფესიონალიზმით აღჭურვილი. საფრანგეთში როცა ფერმერის ოჯახი რჩება შვილებს, შვილებიდან მხოლოდ ის აგრძელებს ფერმერობას, ვისაც ამის სურვილი და სათანადო ცოდნა აქვს. ან სახელმწიფო ამ მიწას იღებს და სხვანაირად განკარგავს.
საქართველოში ძალიან ბევრი შეღავათია სოფლის მეურნეობაში, ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, მაგრამ ძალიან დაბალია ოდენობა", - აღნიშნა მან, თუმცა, დასძინა, რომ სექტორიც და ფერმერიც საქართველოში ვითარდება, - "დღეს ფერმერი გაცილებით სხვა არის, ვიდრე მე როცა ვიწყებდი 2004 წელს. დღეს ბანკებიდან [სოფლის მეურნეობის სექტორზე] დაახლოებით 2 მლრდ-მდე ფულია გაცემული. სოფლის მეურნეობაში ინვესტირებულია ₾8 მლრდ-ზე მეტი. 2013 წელს სოფლის მეურნეობის პორტფელის ზომა იყო ₾50 მლნ. დღეს უკვე სხვაგან ვართ. ფერმერიც გაიზარდა, ისწავლა. თუმცა, აქ მთავარი მომენტი ისაა, ეს რამდენად საკმარისია, რამდენად გვაქვს შრომის კულტურა", - განაცხადა გელა ხანიშვილმა.
გარდა ამისა, "ანალიტიკაში" საუბრისას, სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ საშუალო საექტრო მოსავლიანობის მაჩვენებელზეც ისაუბრა:
"ყველაზე მთავარი თემა არის საშუალო საექტრო მოსავლიანობა, ეს დამოკიდებულია ბევრ პარამეტრზე, უმთავრესი პარამეტრი არის ცოდნა. როდესაც ადამიანს მოჰყავს პროდუქტი, ესე იგი ფულის პრობლემა გადაწყვეტილი აქვს. თუ ვერ მოიყვანა იმ საშუალო საექტრო მოსავლით, როგორიცაა ხახვზე მაგალითად 50-60 ტონა და არა 12 ტონა, რაც ჩვენ გვაქვს საშუალოდ, ვერ გავიტანთ ხახვს ექსპორტზე და პირიქით შემოსატანი იქნება.
ისევე როგორც ყველაფრის წარმოებაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. მაგალითად, საიდანაც შემოდის სტაფილო, ის მიწის ნიადაგი შეიძლება უფრო ორგანულია სტაფილოსთვის, ვიდრე მაგალითად რუისის მიწები, სადაც ასევე მოჰყავთ სტაფილო. ესეც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველგან კარტოფილი, სტაფილო და კომბოსტო არ მოდის. მაგრამ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გაზარდოს პროდუქციის მოცულობა იმ ფართობებზე, რა ფართობებიც მუშავდება".
გელა ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის სექტორში ცოდნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგი სწორედ ცოდნის ხარჯზე მოდის, - "დღეს კარგი აგრონომი რომ დაასაქმო, 5000-6000 ლარი ხელფასი უნდა მისცე. სხვანაირად არ იქნება. მე რომ მჭირდება აგრონომები, თავისუფალი უნივერსიტეტიდან მომყავს ბავშვები, ვარჩევ და ვზრდი. ისინი წმინდა თვალებით გიყურებენ, როგორ დავიწყოო. ასეთი ბავშვები არის მოსაზიდი, დასარჩენი, და ეს შეუძლია ბიზნესს. დღეს ხარჯები არის ძალიან მაღალი, მაგრამ შედეგი არის სწორედ ცოდნის და ხარისხის ხარჯზე".




























