„ბიზნესების მხრიდან სკოლებთან თანამშრომლობის მზარდ ინტერესს ვხედავთ“, - ამის შესახებ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა. მისივე თქმით, USAID-ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესებმა უკვე ათობით სასკოლო პროექტი დააფინანსეს, სკოლებსა და კერძო სექტორს შორის ერთგვარ შუამავლად იქცა.
როგორც მარინა უშვერიძე ამბობს, პროგრამის დახმარებით საქართველოში მოქმედი საჯარო სკოლები ბიზნესებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსაც იძენენ, რაც მნიშვნელოვანია სამომავლოდ თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
„თავიდან ვფიქრობდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა ასეთი მხარდამჭერი ბიზნესების მოზიდვა, რადგან მათ სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ ბევრი არ იციან. თუმცა მათ 45-მდე სასკოლო პროექტი უკვე დააფინანსეს, დანარჩენებზე კი მოლაპარაკება მიმდინარეობს. საუბარია პროექტებზე, რომლებიც, მაგალითად, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, სასკოლო ბიბლიოთეკების გამდიდრებას, სკოლის ეზოსა და სივრცეების მოწყობას, სკოლაში არსებული სხვა პრობლემების მოგვარებას“, - ამბობს მარინა უშვერიძე.
ბიზნესებისა და სკოლების დაკავშირება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სკოლა-ბიზნესის ფორუმებზე გახდა შესაძლებელი, სადაც მოსწავლეებს მიეცათ საშუალება თავიანთ სკოლებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული პროექტები წარედგინათ და კომპანიები მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ. მსგავსი სკოლა-ბიზნესის ფორუმები გასულ აკადემიურ წელს ქვეყნის 11-ივე რეგიონში ჩატარდა. პროცესი მიმდინარე სასწავლო წელსაც გრძელდება.
„გვქონდა მოლოდინი, რომ მხოლოდ ის ბიზნესები გახდებოდნენ სკოლების მხარდამჭერი, რომლებსაც დიდი ფინანსური რესურსი აქვთ, ანუ მდიდარი კომპანიები. პრაქტიკაში კი სხვა ვითარება დავინახეთ. რეგიონებში განსაკუთრებით ადგილობრივად ოპერირებადი ბიზნესები მოდიან და ადგილობრივ სკოლებს ეხმარებიან, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია ადგილზე ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მათ რეპუტაციაზე“, - განმარტა პროგრამის დირექტორმა bm.ge-სთან საუბრისას და დასძინა, რომ საუბარი მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე არ არის, ვინაიდან მსგავსი კომუნიკაცია ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მოიზიდოს პოტენციური თანამშრომელი, ხოლო მოსწავლეებს ეხმარება პროფესიის არჩევასა და შემდგომში დასაქმებაში, მათ შორის ზაფხულის პერიოდში, - „ჩვენ კომპანიებს მოსწავლეებთან შეხვედრებს ხშირად ვთავაზობთ, ისინი ახალგაზრდებს მასპინძლობენ თავიანთ ოფისებში, საწარმოებში, აცნობენ სამუშაოს სპეციფიკას, იწვევენ სტაჟირებისთვის, ამიტომაც სკოლასა და ბიზნესს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვს.
საქართველოში დაახლოებით 2085 საჯარო სკოლაა. თითო ბიზნესი რომ თითო სკოლას მხარდამჭერად დაუდგეს, მოსწავლეების ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გახდება“.
ცნობისთვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხუთწლიანია და ის სკოლების კერძო სექტორთან დაკავშირების გარდა, სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარებასა და სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას უწყობს ხელს.