პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიზნესი დღეს თავისუფალია, რასაც ბიზნესმენები აფასებენ და "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერენ. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის შემწირველებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ქართული ოცნების" შემწირველი კომპანიების ტენდერებში გამარჯვებასთან და სახელმწიფო სუბსიდიების მიღებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია გამჭვირვალეა და წელს შემოწირულებების მოზიდვისთვის მუშაობა აქტიური იქნება.
"რა თქმა უნდა, ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები, გარდა ბევრი სხვა მანკიერებისა, თუკი რამით იყო გამორჩეული, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და რა თქმა უნდა ბიზნესმენები, მეწარმეები ამას აფასებენ. მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ თანხები შესწირა. რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ. იმიტომ, რომ არის არჩევნები და რა თქმა უნდა, არჩევნებს დაფინანსება სჭირდება. NGO-ებისგან განსხვავებით, ყველაფერი გამჭვირვალეა. ამ კომპანიებს შორის არიან როგორც ტენდერებში მონაწილე, ისე არმონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი ბუნებრივია, არაფერია", - ამბობს ირაკლი კობახიძე.