საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა. შედეგად, თითქმის ყველა ბიზნესოპერატორმა, გამონაკლისების გარდა, შეწყვიტა მუშაობა. მოგვიანებით, მთავრობამ დაადგინა სპეციალური პირობები - ვის და როგორ შეუძლია მუშაობის გაგრძელება, რა რეჟიმები მოქმედებს ქვეყანაში და ა.შ. ხელისუფლებამ მოსახლეობასაც და ბიზნესსაც მოუწოდა, დეტალური ინფორმაცია სპეციალურ ცხელ ხაზზე 144-ზე დარეკვით მიეღოთ.
თუმცა, კერძო სექტორის ნაწილი ამბობს, რომ კითხვები აქვთ, რომლებზე პასუხსაც ვერ იღებენ, რადგან სახელმწიფო დაწესებულებები განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან.
ონლაინ მაღაზია “ლუმინო” ლაშა გრძელიძე: დილის საათებში რომ დავრეკეთ, გვითხრეს, რომ ონლაინ გაყიდვები და მიტანის სერვისი დაშვებულია. შემდეგ მოხდა გადამისამართება, რათა შემოსავლების სამსახურშიც დაგვეზუსტებინა. შემოსავლების სამსახურში დაგვიზუსტეს, რომ გვიკრძალავენ საქმიანობას, კიდევ ერთხელ ვრეკავთ ეკონომიკის სამინისტროში და უკვე საღამოს გვეუბნებიან, რომ იკრძალება საქმიანობა.
ონლაინ მაღაზია goods.ge დავით გუჯაბიძე: 144-ზე დავრეკე და ჯერ გადამამისამართეს მერიაში, მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ ფინანსთა სამინისტროში უნდა დამერეკა და არა - მერიაში. აქ მითხრეს, რომ პარასკევამდე დავლოდებოდი პასუხს, ისე კი, აკრძალულია თქვენი საქმიანობაო...დაველოდე პარასკევსაც და არაფერი შეცვლილა, არც შემოწმებაზე მოსულა არავინ.
გარდა სახელმწიფო უწყებებში არათანმიმდევრული ინფორმაციებისა, კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან შემოწმებაზე არავინ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა დასაწყისშივე შეავსო სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათ შემოწმების გავლის შემდეგ მუშაობის განახლების შესაძლებლობას აძლევს.
ამ დრომდე უცნობია, ჯამში, რამდენმა კომპანიამ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამუშაოს გაგრძელების ნებართვისთვის. ეს ინფორმაცია bm.ge-ის არც ეკონომიკის სამინისტრომ და არც თბილისის მერიამ არ მიაწოდა. გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ სპეციალური აპლიკაცია ასობით კომპანიამ შეავსო, თუმცა, ზუსტი რიცხვი არ დასახელებულა; 500-მდე განაცხადი იყო პირველივე დღეებში მიღებული თბილისის მერიაშიც, თუმცა bm.ge-ს ინფორმაციით, მუშაობის გაგრძელება უკვე არა ასობით, არამედ ათასობით კომპანიას სურს.
10 აპრილის მდგომარეობით კი, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ინსპექტირება ჩაატარეს საქართველოს მასშტაბით 122 კომპანიაში, რომელთაგან 20-ში ხარვეზები დაფიქსირდა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. თბილისის მერიის ინფორმაციით კი, დედაქალაქში უკვე შემოწმდა 150-მდე სხვადასხვა მშენებლობა. 92 ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გაგრძელდება, ხოლო ის მშენებლობები, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.