მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაწირა თუ არა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკი? - გიორგი ბაქრაძის პასუხი

64995b977f344
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 13:31
2530
სტატიაში საუბარია:
პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების, დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი ბაქრაძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ამ პოსტზე მისი პრიორიტეტების და სებ-ის დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე - გაწირა თუ არა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკი, ისეთი კანდიდატების წარდგენით, რომლებიც საბჭოს წევრობის კანდიდატები იქნებოდნენ და არა სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები. გიორგი ბაქრაძემ ამ კითხვაზე განაცხადა, რომ სებ-ს ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო მისი სურვილია სებ-ის საბჭოს წევრობა და არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა.

“გაწირა თუ არა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკი? - წინა კვირის და ამ კვირის მდგომარეობით ეროვნული ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მე არ მაქვს პრეტენზია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე, არც მიფიქრია ამაზე არასდროს. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, კონკრეტულად ამ ცვლილებებზე ეროვნული ბანკის პოზიცია იყო არაერთხელ აღნიშნული, მათ შორის ჩვენს პრესრელიზებში და მე ვიზიარებ ამას. თუმცა, აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. მიჩნეულია, რომ ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი წინაპირობა მათი გამართული მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული გარკვეული კოორდინაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამის მაგალითი ბევრია, თუნდაც ფედერალური სარეზერვო სისტემის და ხაზინის კოორდინირებული მოქმედებები გინდ პანდემიის და 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. არის შემთხვევები, როდესაც ცენტრალური ბანკების და მთავრობების გადაწყვეტილებები სხვადასხვა მხარეს მიდის. ამის მაგალითია გერმანიის ბუნდესბანკის და ფინანსთა სამინისტროს ქმედებები გერმანიის გაერთიანების შემდეგ.

რისკები, რომლებიც შეიძლება იყოს მთავრობის მიერ სებ-ზე ზეწოლის მოხდენის, ეს ნაწილობრივ კონსტიტუციით აღმოფხვრილია, მაგალითად ჩვენ არ გვაქვს უფლება ფული ვასესხოთ მთავრობას. ეს ცვლილებები 2005 წელს იყო მიღებული, რომლის მიხედვითაც არ გვაქვს უფლება პირველად ბაზარზე ვიყიდოთ სახაზინო ვალდებულებები და სხვა ფორმით ვასესხოთ ფული მთავრობას. მნიშვნელოვანია ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დამოუკიდებლობა შენარჩუნდება.

არსებობს ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის ინდექსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვაა, მე არ მახსოვს სად ვართ ამ ინდექსში, მაგრამ ნამდვილად ვართ უფრო დამოუკიდებელ, ვიდრე ნაკლებად დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკებს შორის,”- განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არა საბჭოს წევრები, არამედ პრეზიდენტობის კანდიდატები უნდა წარედგინა:

„კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი იტყოდა, რომ მან წარმოადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი და არა საბჭოს წევრობის რიგითი კანდიდატები. მან დაუშვა შეცდომა - უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომლის ჩაგდებაც გაუჭირდებოდა პარლამენტს, რომელსაც მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა ექნებოდა და ეს არის ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტიო. ახლა მან წარმოადგინა საბჭოს ორი წევრობის კანდიდატები. ფაქტობრივად, თავისი მოვალეობა ფორმალურად შეასრულა: კონკურსი არ იყო სრულყოფილი, თუკი სურვილი ექნებოდა, შერჩევაში ექსპერტებიც დაეხმარებოდნენ, ჯერ ბოლომდეც კი არ ვიცით, ვინ იყო ის 19 ადამიანი, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობდა,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ 22 ივნისს, სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად, ეროვნული ბანკის საბჭომ 5 ხმით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა აირჩია. 

შეგახსენებთ, გიორგი ბაქრაძე ეროვნულ ბანკში 2003 წლიდან მუშაობს, 2010 წლიდან ის სებ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებს. უფრო ვრცლად მისი ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები