ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ბიზნესი სენსიტიურად აღიქვამს. ასე უპასუხა ზვიად ჭუმბურიძემ შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროკავშირთან გართულებულ ურთიერთობას და ქვეყნის შიგნით და გარეთ შექმნილი ვითარების ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე გავლენას შეეხებოდა.
ის აღნიშნავს, რომ შავი ზღვის პლატფორმის მეხუთე კონფერენციაზე ჩამოსული ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოსადმი ინტერესს, როგორც ევროპის ნაწილისადმი ავლენენ. „ამიტომ ალტერნატივა ევროპულ მიმართულებას პრაქტიკულად არა აქვს“, - აცხადებს ჭუმბურიძე და დასძენს: „საქართველოს ევროპული გზა არცერთ მთავრობას არ აურჩევია, ეს ქართველმა ხალხმა აირჩია. არცერთ მთავრობას, მით უმეტეს, დღევანდელ ხელისუფლებას, არა აქვს უფლება, რომ ეს გზა შეაჩეროს, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი“.
რაც შეეხება ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს EUGBC-ის ხელმძღვანელი განმარტავს: „ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი, ბიზნესი ძალიან სენსიტიურად აღიქვამს ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. პოლიტიკური კრიზისი არის და რეალურად ეკონომიკური კრიზისის საწყისებიც ჩანს, ამიტომ, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - ევროპული გზის ალტერნატივა საქართველოს არა აქვს და არამარტო საქართველოს, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც“.
დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებას შავი ზღვის გავლით და რეგიონული ურთიერთკავშირების გაძლიერებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი საქართველოდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.




























