მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში გრანდ ლიგამ და საკვალიფიკაციო ლიგამ აიღეს სტარტი

6374d8fe3c802
BM.GE
16.11.22 16:26
477
თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის მეორე სათამაშო დღის შეხვედრებს უმასპინძლა. სტარტი აიღო გრანდ ლიგამ, რომელშიც 35 წელს ზემოთ მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები თამაშობენ, ასევე გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ტურის შეხვედრები.

გრანდ ლიგა შარშანდელი ფინალისტების, „ბაქსვუდისა“ და „არმიას“ დაპირისპირებით დაიწყო და ამჯერად „ბაქსვუდის“ სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 4:2. მატჩის ოცდამეხუთე წუთამდე „ბაქსვუდი“ ოთხბურთიანი უპირატესობით იგებდა. დარჩენილ დროში „ძალოვნებმა“ ჩამორჩენის მხოლოდ ორამდე შემცირება შეძლეს და დამარცხდნენ.
ერთი შეხვედრა გაიმართა ძირითადი ტურნირის B ჯგუფში. „ფარვანასა“ და “DHL-ის“ მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. “DHL-მა“ მატჩის პირველ ნახევარში მიღებული ორი გოლის შემდეგ წონასწორობა აღადგინა. მეტოქე კვლავ გავიდა ერთი ბურთით წინ, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე DHL-მა ისევ გაათანაბრა ანგარიში და ქულა გადაარჩინა.

დებიუტანტების პირველი დაპირისპირება „შიშეჯამსა“ და „BMG“-ის შორის „შიშეჯამის“ უპირატესობით წარიმართა, რომელმაც მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და საბოლოოდ კომფორტული ანგარიშით, 5:0 მოუგო.

საკვალიფიკაციო ლიგა „ლაქტალისის“ გამარჯვებით გაგრძელდა, რომელმაც „ჯაოკენი“ 6:4 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში „ჯაოკენმა“ გახსნა და წინ ორი ბურთით გავიდა. ტაიმის დასრულებამე „ლაქტალისმა“ ორივე ბურთი გაქვითა და დაწინაურდა კიდეც. მეორე ნახევარში „ჯაოკენმა“ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „ლაქტალისი“ კვლავ წინ გავიდა და უპირატესობა აღარ დაუთმია.

სათამაშო დღის დასკვნით მატჩში „ბაზისბანკმა“ და „უკრაინამ“ ქულები გაიყვეს. „უკრაინამ“ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა, რასაც მოწინააღმდეგისგან მალევე მოჰყვა საპასუხო გოლი. მეორე ტაიმში „ბანკირები“ წინ გავიდნენ, მაგრამ „უკრაინამ“ ოცდამეთოთხმეტე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მესამე სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20 ნოემბერს გაიმართება.



NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები