26 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეთორმეტე სათამაშო დღე გაიმართა. საკვალიფიკაციო ლიგაში წრიული ეტაპი დასრულდა და მალე გუნდები ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლას დაიწყებენ.
რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის სასტარტო მატჩში „ჯაოკენმა“ „შიშეჯამი“ 3-1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. „შიშეჯამი“ მეხუთე წუთზე გატანილი გოლით იგებდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ანგარიში ავტოგოლით გათანაბრდა, თამაშის ბოლომდე კი „ჯაოკენმა“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
ტურის სხვა შეხვედრაში „უკრაინას“ და „ლაქტალისის“ სანახაობრივი მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. „ლაქტალისი“ პირველივე წუთებზე დაწინაურდა. მეტოქემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „უკრაინა“ კვლავ ორი ბურთით ჩამორჩა. მეორე ნახევარში „უკრაინა“ გააქტიურდა და საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში „ბაზისბანკმა“ ბი ემ ჯი (BMG) 4-1 დაამარცხა და რეგულარული სეზონი უდანაკარგოდ, პირველ ადგილზე, დაასრულა. შეხვედრის მეთერთმეტე წუთზე „ბიემჯი“ წინ გავიდა და ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ნახევრის სტარტზე „ბაზისბანკმა“ წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც თამაშზე კონტროლი აღარ დაუკარგავს და შეხვედრის დასრულებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ლიგის რეგულარულ სეზონში გუნდების ადგილები შესაბამისი თანმიმდევრობით შემდეგნაირად გადანაწილდა: ბაზისბანკი, უკრაინა, ლაქტალისი, ჯაოკენი, შიშეჯამი, BMG. მოცემულ ექვს გუნდს პლეიოფში A და B ჯგუფის მეცხრეადგილოსნები შეუერთდებიან და ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.
მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა გრანდ ლიგაში. „არმია“-მ „ელპოზო“-სთან მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა. „ძალოვნები“ მთელი თამაში დომინირებდნენ, კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს 3-0 სძლიეს.
სატურნირო ცხრილის ლიდერი „ბაქსვუდი“ „მაკგილს (McGill)“-ს დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მაკგილმა ტაიმი 1-0 მოიგო. ოცდამეთხუთმეტე წუთზე წონასწორობა აღდგა და სახიფათო მომენტების მიუხედავად, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცამეტე სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5 მარტს გაიმართება.