მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG ჩინეთის უმსხვილეს მედიაჯგუფ CCTV-სთან თანამშრომლობას იწყებს

ბიზნეს მედია საქართველო

BMG ჩინეთის უმსხვილეს მედია ჯგუფთან CCTV-სთან, მომავალ კვირაში, ურთიერთგაგების მემორანდუმს და სალიცენზიო შეთანხმებას გააფორმებს.

ქართული ბიზნეს მედიის ჩინურ მედიაგიგანტთან პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია BMG tv-ის გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი ისაკაძემ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ გააცხადა.

„კომპანია CCTV ჩინეთის წამყვან მედია ჯგუფს წარმოადგენს და ის ამავდროულად ინგლისურენოვან სააგენტოს CCTV+ ფლობს, რომელიც BMG-სთან დაპარტნიორდება. ეს მოგვცემს საშუალებას არამხოლოდ მივიღოთ და წვდომა გვქონდეს CCTV-ის მიერ მომზადებულ ურიცხვ მასალებზე ყოველდღიურად, არამედ პარტნიორობა ითვალისწინებს მათ შორის BMG-ის მიერ მომზადებული საქმიანი მასალების წარდგენას და გავრცელებას ჩინეთის აუდიტორიისთვის, რომელიც მილიარდზე მეტ მაყურებელს და მიმდევარს აერთიანებს“, - აცხადებს ისაკაძე.

BMG tv-ის გენერალური პროდიუსერი ბოლო წლებში ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზრის გააქტიურებაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ ჩინეთის უმსხვილეს მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე ჩინეთში წარმომადგენლობის გახსნას არ მოიაზრებს.

„ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარი ყოველწლიურად უფრო აქტიური და მნიშვნელოვანი ხდება, ადგილზე უკვე BMG-ის პარტნიორებიც იქნებიან, რომლებიც ჩვენი ბიზნესისთვის საჭირო ამბების შექმნას და გავრცელებას სრულად მოახდენენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ BMG ჩინეთში წარმომადგენლობას ხსნის, არა - ჩვენ ამის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ - უბრალოდ ვადასტურებთ, რომ ვხდებით პარტნიორები წამყვანი ჩინური მედიაკომპანიისა, რომელსაც ყველაზე დიდი დაფარვა აქვს ჩინეთში და ერთდროულად რამდენიმე ენაზე ტრანსლირებს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ბიზნესის სიახლეები და წინსვლა ჩინეთის მრავალმილიონიან აუდიტორიასაც გავაცნოთ“, - აღნიშნავს გიორგი ისაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები