მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესის მაქსიმალური ჩართულობა გვჭირდება“ - საქართველო სატრანზიტო სფეროში EU-ის სისტემის წევრობისთვის ემზადება

საბაჟო, ტრაილერი

საქართველო სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის სისტემის წევრობისთვის ემზადება. „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) დანერგვა ეროვნულ დონეზე საქართველომ მიმდინარე წლიდან დაიწყო, 2024 წლიდან კი იგეგმება ამ სისტემის საერთაშორისო დონეზე დანერგვა, რაც საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი ტრანზიტის დეკლარაციით და ერთი გარანტიით შეუფერხებლად განახორციელონ ტვირთებს გადაზიდვა როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებშიც.

ჯამში საუბარია 36 ქვეყანაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის სატრანზიტო ოჯახის წევრი გახდეს, ევროკავშირი საქართველოს 2,5 მილიონ ევრომდე საგრანტო რესურსით დაეხმარა. სისტემა სატესტო რეჟიმში ჩართულია, თუმცა გამოწვევაა კერძო სექტორის აქტიურობა, რაც როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, მთავარია იმისთვის, რომ უკვე მომავალ წელს ევროკავშირმა საქართველოს საერთო სატრანზიტო კონვენციასთან მიერთების გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეს არის ტრანზიტის ხელშეწყობა, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ხელშეწყობა. ამ სისტემით გექნებათ შესაძლებლობა ერთი დოკუმენტით, ერთი გარანტიით, რომელსაც თქვენ მოიპოვებთ საქართველოში, საქონელი წაიღოთ სადაც გნებავთ იქ, ევროკავშირში ან EFTA-ს ქვეყნებში, თურქეთში ან საერთო ტრანზიტის კონვენციის სხვა ქვეყნებში.

როცა კითხვაა, რა მარტივდება, მარტივდება ეს, მაგრამ შეიძლება მავანმა თქვას, რომ უფრო მეტი პროცედურებია, უფრო მეტი ინფორმაციაა შესატანი. ბუნებრივია, ცხადია. ეს არის ურთიერთნდობაზე და კეთილსინდისიერებაზე, გამჭვირვალობაზე დამყარებული სისტემა.

ყველაფერი მზად არის. გვჭირდება მაქსიმალურად კერძო სექტორის ჩართულობა, ტესტირება, გვჭირდება ფინანსური სექტორის ჩართულობა. ჩვენი მხრიდან ყველანაირი გარემო შექმნილია როგორც სამართლებრივი, ისე საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, ასე რომ ერთადერთი გვჭირდება კერძო სექტორისგან შესაბამისი აქტივობა“,- აცხადებს BM.GE-სთან შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია.

გახდება თუ არა საქართველო საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრი სახელმწიფო, ამ მხრივ ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმის პროგრესს ევროკავშირი მომავალ წელს შეაფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები