ამ დრომდე უცნობია, რამდენმა კომპანიამ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამუშაოს გაგრძელების ნებართვისთვის. ეს ინფორმაცია bm.ge-ის არც ეკონომიკის სამინისტრომ და არც თბილისის მერიამ არ მიაწოდა. გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ სპეციალური აპლიკაცია ასობით კომპანიამ შეავსო, თუმცა, ზუსტი რიცხვი არ დასახელებულა, 500-მდე განაცხადი იყო პირველივე დღეებში მიღებული თბილისის მერიაშიც, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მუშაობის გაგრძელება უკვე არა - ასობით, არამედ ათასობით კომპანიას სურს. რამდენად ეყოფა მთავრობას რესურსი ამ კომპანიების შესამოწმებლად, იმ პირობებში, როცა 5 დღეში 270-მდე კომპანიის შემოწმება მოხერხდა?
სანამ სამუშაო ნებართვები ოფიციალურად გაიცემა, ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ უკვე გამოჩდნენ კომპანიები, რომლებიც შეზღუდვებს არ ითვალისწინებენ და საკუთარ პროდუქციას მაინც ყიდიან - სხვადასხვა არხებით, რომელიც კანონით დაშვებული არ არის. პროდუქციის მისაწოდებლად კი, უბრალოდ ტაქსებს იყენებენ.
გამომცემლობა “ქართულის” წარმომადგენელი ზურა კბილაძე ამბობს, რომ კომპანიების ნაწილი, რომლებიც “არ რისკავენ”, არათანაბარ მდგომარეობაში არიან იმ კომპანიებთან შედარებით, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან და ფაქტია, რომ მთავრობამ უფრო ეფექტიანი გზა უნდა მოძებნოს, რათა ონლაინ გაყიდვები მაინც დროულად აღდგეს.
“ჩემი ინფორმაციით, საგამომცემლო ბაზარზე, პრაქტიკულად, ყველა კომპანია გაჩერებულია, თუმცა, სხვა სექტორებში არიან კომპანიები, რომლებიც ჩუმად თუ სახელმწიფსოთან შეთანხმებით, ახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას, რომლებიც დაშვებულთა სიაში არ არის. ჩვენმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა, რადგან სახელმწიფოს დასდგომოდა გვერდში და დამატებითი გადაადგილებები არ ყოფილიყო ჩვენი მიწოდების გამო, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ამას.
ამ დროს ბაზარზე ხდება იმ კომპანიების ჩანაცვლება, რომლებიც ითვალისწინებენ რეგულაციებს, იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც არ ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს. ეს დასაბალანსებელია, უნდა დალაგდეს სიტუაცია ისე, რომ ყველა თანაბარ პოზიციაში აღმოჩნდეს”, - აცხადებს ზურა კბილაძე.
ონლაინ მაღაზია Goods.ge-ის წარმომადგენელი დავით გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობის გამო შეკითხვებს იღებენ ლოიალური მომხმარებლებისგან, რატომ ვერ აწვდიან პროდუქციას მაშინ, როცა სხვებს ამის საშუალება აქვთ.
"კომპანიების გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევენ - ვინ ლეგალურს და ვინ - არა, მაგრამ, როცა მომხმარებელი რეკავს და გეკითხება, მუშაობ თუ არა? და ეუბნები, რომ არ მუშაობ, შემდეგ ისმის ასეთი ფრაზა: სხვები როგორ მუშაობენ?! ეს უბრალოდ, მორალური ზიანია ჩვენი კომპანიისთვის", - აცხადებს დავით გუჯაბიძე.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თითქმის ყველა ბიზნესი დაიხურა, გამონაკლისების გარდა. იმისთვის, რომ კომპანიებმა მუშაობა განაახლონ, ეკონომიკის სამინისტროს ან თბილისის მერიას(დედაქალაქში მომუშავე სამშენებლო კომპანიებმა) უნდა მიმართონ და სპეციალური აპლიკაცია შეავსონ. შემდეგ უნდა მოხდეს მათი შემოწმება, რამდენად იცავენ ისინი უსაფრთხოების ნორმებს და ითვალისწინებენ თუ არა რეკომენდაციებს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამის შემდეგ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ მუშაობა.




























