დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ბიზნესის ნაწილი „მწვანე პასპორტის“ შემოღებას გაგებით და სიხარულით შეხვდა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ამოქმედდა „მწვანე პასპორტები“ იმაზე მეტ ლოკაციაზე, ვიდრე ახლა.
„ზოგიერთი ბიზნესი „მწვანე პასპორტის“ შემოღებას ძალიან გაგებით და სიხარულით შეხვდა, რადგან ისინი მეტად არიან დაცული. ასევე იციან, რომ თუ „მწვანე პასპორტი“ იმუშავებს, ბიზნესს ჩაკეტვა აღარ ემუქრება, მათი დასაქმებულები იქნებიან დასაქმებული, ამიტომ ბევრი ამას კარგი შეგნებით ხვდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება მიდგომას, რომ დასაქმებულებს ვაქცინაციის ვალდებულება არ აქვთ, გამყრელიძე ამბობს, რომ „დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა, რომ მისი დასაქმებულები იყვნენ აცრილი“.
NCDC-ს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს ექნება პრეზენტაცია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ „მწვანე პასპორტი“.
როგორც ცნობილია, მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
კერძოდ, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.




























