„ბიზნესებს მიმდინარე მდგომარეობა ასე სკეპტიკურად პანდემიის შემდეგ არ შეუფასებიათ”, - ასე შეაფასა ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა გადაცემა „წერტილში“ BAG-ინდექსის პირველი კვარტალის შედეგები, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) და „პიემსი კვლევითი ცენტრისა“ და „ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის“ ერთობლივი პროდუქტია. „ბიზნესის მხრიდან დღევანდელი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესად ფასდება, ვიდრე გასული 1-2 წლის განმავლობაში“ - განაცხადა „წერტილში“ ISET-ის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამაც.
BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. საქართველოს ბიზნესასოციაცია 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, ჯამში კი, 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს.
BAG ინდექსი, I კვარტალი, 2025 - სრული კვლევა
ეკონომისტებმა „წერტილთან“ ინტერვიუში BAG-ის პირველი კვარტალის შედეგები დეტალურად გააანალიზეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ BAG-ის წევრი კომპანიების შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კლიმატი და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა BAG-ში გაწევრიანებულ მსხვილ და საშუალო ბიზესლიდერებს ასეთი დაბალი ქულით პანდემიის შემდეგ არ შეუფასებიათ.
BAG ბიზნეს კლიმატი
2025 წლის პირველ კვარტალში BAG-ის ბიზნესკლიმატის ქულა იყო 31.9 - ეს მაჩვენებელი ასეთი დაბალი პანდემიურ წლებში იყო. მაგალითად, 2021 წელს ბიზნესის კლიმატის ინდექსი 27 ქულა იყო და შემდეგ მუდმივად იზრდებოდა, გამონაკლისია მხოლოდ 2024 წლის მეორე კვარტალის ქულა (25.5), რაც სავარაუდოდ, „რუსული კანონის“ მეორედ მობრუნებაზე ბიზნესი რეაქციით აიხსნება.
BAG ბიზნესის მდგომარეობა
2025 წლის პირველ კვარტალში BAG-ის ბიზნესის მდგომარეობის ქულა იყო 13.9 - ამაზე დაბალ ნიშნულზე ეს ინდექსი ბოლოს პანდემიური 2021 წლის მესამე კვარტალში იყო 10.8 ქულით და შემდეგ მუდმივად იზრდებოდა გამონაკლისის გარეშე. მაგალითად: 2024 წლის მეოთხე კვარტალშიც კი ბიზნესი თავის მდგომარეობას 28.6 ქულით აფასებდა. ინდექსის ანალიზი აჩვენებს, რომ პანდემიური წლების შემდეგ, მსხვილი და საშუალო ბიზნესი თავის მდგომარეობას ყველაზე მაღალი ქულით 2023 წლის მესამე კვარტალში აფასებდა (43.6 ქულა).
BAG ბიზნესის მოლოდინი
ორი ეკონომისტის გაკვირვებას იწვევს BAG-ის ბიზნესის მოლოდინის შედეგი, რომელიც აჩვენებს, რომ მიუხედავად გაუარესებული ბიზნესის მდგომარეობისა და ბიზნეს კლიმატისა, ბიზნეს ჯგუფებს მომდევნო 6 თვეში დადებითი მოლოდინი აქვთ - 51.5 ქულა დაფიქსირდა 2025 წლის პირველ კვარტალში, რაც 2024 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემთან შედარებით თითქმის 10-პუნქტიანი გაუმჯობესებაა 41.09 ქულიდან.
BAG ინდექსის სამი მთავარი შედეგის ანალიზი ISET-ის წამყვანი ეკონომისტისგან გიორგი პაპავასგან:
„BAG-ი ინდექსი მეტწილად თანხვედრაშია ჩვენი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ბიზნესის განწყობის ინდექსთან, რომელიც წლის დასაწყისში, იანვრის ბოლოს გამოვაქვეყნეთ.
ჩვენს ინდექსებს შორის ერთადერთი კარდინალური განსხვავებაა პირველ კვარტალში ბიზნესის მოლოდინებზე, რაც ჩვენი ინდექსის შემთხვევაში, მკვეთრად გაუარესებულია (-9.9 ქულა) - უარყოფითი ქულა ბოლოს 2020 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა (-41.7 ქულა). BAG-ინდექსით კი, ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესებულია, რაც არ ვიცი, რით აიხსნება - შეიძლება, იანვარში ეკონომიკის 11%-იანმა ზრდამ მოახდინა ბიზნესის მოლოდინებზე დადებითი გავლენა, მაგრამ ეგეც გაუგებარია, რადგან თუ იმ პერიოდში, როცა მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ შენ არ შეგეხო და ამბობ, რომ ბიზნესის მდგომარეობა გაუარესდა, ბიზნესის მოლოდინის გაუმჯობესების იმედს რა გაძლევს?!
აღსანიშნავია ისიც, BAG, ძირითადად, საშუალო და მსხვილ კომპანიებს აერთიანებს. ISET-ის ინდექსის დამუშავებისას, როცა ვყოფთ ხოლმე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ვხედავთ, რომ მსხვილ ბიზნესს უკეთესი განწყობები აქვს, ვიდრე - საშუალოს. ეს აიხსნება ბევრი ფაქტორით; პირველი ფაქტორი - პოლიტიკურმა კრიზისმა უფრო მეტად დაარტყა მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი უფრო მოწყვლადები არიან; მეორე - ჩვენ ნაკლებად ვატარებთ ისეთ რეფორმებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეა მიმართული, ამიტომ მსხვილ ბიზნესს შეიძლება, უფრო ჰქონდეს იმედი, რომ თუნდაც ისეთი ღია აღარ იყოს საქართველოს ეკონომიკა, არსებული კავშირებით მაინც შეძლებს ფონს გასვლას...
რომ შევაჯამოთ, აშკარად ჩანს, რომ დღევანდელი მდგომარეობა ბიზნესის მხრიდან მნიშვნელოვნად უარესად ფასდება, ვიდრე გასული 1-2 წლის განმავლობაში. ფაქტია, კერძო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც BAG აერთიანებს, კითხვის ნიშნები აქვს“.
BAG ინდექსის სამი მთავარი შედეგის ანალიზი ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანისგან:
- 2025 წლის პირველი კვარტალის BAG - ბიზნესის მდგომარეობის ინდექსი გაუარესებულია. თქვენი აზრით, რატომ და რას ნიშნავს ეს?
- ინდექსის ქულა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ბიზნესის კლიმატი, მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესებულია და ყველა მტკიცება თუ კომენტარი თუ შეფასება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ საქართველოში ბიზნესის მდგომარეობა უკეთესია ან მინიმუმ ისეთია, რაც 2024 წელს იყო, არ შეესაბამება სიმართლეს. ამას მოწმობს სწორედაც BAG ინდექსი, რომელიც წარმოადგენს მსხვილ და საშუალო ბიზნესს. ამდენად, ჩემი შეფასებით, რომელიც BAG-ის ინდექსს ეფუძნება, საქართველოში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია. რაც შეეხება მიზეზებს, ერთ მთავარ ფაქტორს ვახსენებ - მოთხოვნის და გაყიდვების შემცირება. კერძოდ: ვაჭრობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 43% აფიქსირებს გაყიდვების კლებას (27% აფიქსირებს ზრდას); მომსახურების სექტორში გამოკითხული კომპანიების 37% აფიქსირებს გაყიდვების კლებას (23% აფიქსირებს ზრდას); მრეწველობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 35% პროცენტი აფიქსირებს გაყიდვების კლებას (29% აფიქსირებს ზრდას); მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 25% აფიქსირებს გაყიდვების კლებას (25% აფიქსირებს ზრდას).
- ბიზნესის მდგომარეობისგან და ბიზნესის კლიმატისგან განსხვავებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მოლოდინების ინდექსი გაუმჯობესებულია. როგორ ხსნით აღნიშნულს - მხოლოდ ოპტიმიზმია ფაქტორი?
- სხვა ახსნა არ მაქვს... ცოტა ცინიკური პასუხიც მექნება - ჩვენ გვახსოვს, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აირჩიეს, „ოცნება“ საუბრობდა იმაზე, რომ აშშ-თან ურთიერთობებს ერთ თვეში დაალაგებდა - ეს ასე არ მოხდა. ახლა ნარატივია, რომ 6 თვეში დალაგდება ყველაფერი, ნუ ასე იყო ვიდრე ტრამპის სატარიფო პოლიტიკა საქართველოზეც არ გავრცელდებოდა. შესაბამისად, მიმდინარე მძიმე მდგომარეობის პარალელურადაც, ჩემი აზრით, ბიზნესს აქვს „ქართული ოცნების“ რწმენა, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, 6 თვეში დასრულდება და ეკონომიკა ზრდის იმ მაღალ ტრაექტორიას დაუბრუნდება, რაც 2023-2024 წლებში ჰქონდა. ჩემი პირადი პროგნოზით, ეს მოლოდინი არარეალურია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თუ ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ „ოცნების“ მიერ კანონმდებლობიდან „გენდერის“ ტერმინის ამოღება ან DOGE-ის ქართული ვარიანტის შექმნა პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვას არ უშველის. ვფიქრობ, BAG-ის წევრი კომპანიები დღეს რომ ავსებდნენ კვლევის კითხვარს, მათი ოპტიმიზმი ბევრად მოზომილი იქნებოდა. მოგეხსენებათ, BAG-ინდექსისთვის კომპანიების გამოკითხვა 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. ამდენად, ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება მეორე კვარტალის BAG ინდექსის შედეგი - ვნახავთ, მსხვილი და საშუალო ბიზნესის ოპტიმიზმი რამდენად რეალიზდება. ჩემი აზრით, ბიზნესი ზედმეტად ოპტიმისტურია.
- BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ლარის კურსის არასტაბილურობა ბიზნესისთვის ხელშემშლელ ხუთ ფაქტორს შორის ბოლოდან პირველ ადგილზე დაწინაურდა. თუ მოლოდინები პოზიტიური აქვთ, ლარის რყევებისადმი შიში რით აიხსნება?
- ხანდახან [კვლევის ჩატარებასა და გამოქვეყნებას შორის] დროითი დაშორება ართულებს შეფასებებს. როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესმენეჯერების გამოკითხვა 1.5 თვის წინ ჩატარდა. მაშინ ლარის კურსი მნიშვნელოვნად მერყეობდა, ვიდრე ახლა. ზოგადად, ბიზნესი ჰიპერსენსიტიურია და ლარის თუნდაც უმნიშვნელო მერყეობა, ბიზნესისთვის ნომერ პირველ პრობლემად იქცევა, რაც BAG-ის კვლევამაც აჩვენა. თუ მომავალში დიდი შტორმი დაადგა საქართველოს ეკონომიკას, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ლარის კურსთან მიმართებით მსხვილი და საშუალო ბიზნესის მოწყვლადობა ძალიან მაღალია.
- და მაინც, ჯამურად, როცა ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა და კლიმატი გაუარესებულია, რით აიხსნება ის ფაქტი, რომ იგივე ბიზნეს ჯგუფებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ; ასევე აპირებენ მეტი ინვესტიცია ჩადონ და ა.შ.
- აშკარაა, რომ იმ მომენტში, როცა კომპანიები კვლევის კითხვარს ავსებდნენ, ჰქონდათ მოლოდინი, რომ 6 თვეში ყველაფერი კარგად იქნებოდა და ამიტომაც თქვეს, რომ აქვთ მზაობა ინვესტიციების ჩადების, დასაქმების და ა.შ. რაც გვაკვირვებს და რაზედაც პასუხები არ მაქვს, არის ძალიან დიდი სხვაობა არსებულ, საკმაოდ ცუდ მდგომარეობასა და მომავლის ძალიან ოპტიმისტურ ხედვას შორის. როგორც წესი, ეს უკვე კითხვებს ბადებს.
- რა ვერსია გაქვთ - რით ხსნით ამ უცნაურობას?
- ჩემი ვერსიით, ქართული ბიზნესი ზედმეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი ან უნდათ, რომ იყვნენ უფრო ოპტიმისტები. ჩემთვის გასაკვირია ასეთი ოპტიმისტური შეფასება, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესი ოპტიმიზმით ცხოვრობს…
- მთლიანობაში, რას გვეუბნება BAG-ის ინდექსის ბიზნესკლიმატი - როგორ გრძნობს თავს მსხვილი და საშუალოა ბიზნესი, რა შეგვიძლია დავასკვნათ?
- საქართველოს ეკონომიკასა და BAG ინდექსის შედეგზე შეგვიძლია ერთი რამე დავასკვნათ - კარგი პერიოდი, კარგი წლები დასრულდა ან სრულდება და შევდივართ ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატის ახალ ფაზაში, როდესაც ისეთი იდეალური შტორმი, რომელიც ჰქონდა ქართულ ეკონომიკას და ეს გამოიხატებოდა ეკონომიკის ზრდაში, სრულდება. ყველა მიმართულებით ჩანს გამოწვევა და არ ჩანს პერსპექტივა, რამ უნდა მისცეს ახალი ენერგია საქართველოს ეკონომიკას და ბიზნესკლიმატს. შევდივართ ახალ ფაზაში, რომელიც გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობით, ასევე, ფაქტობრივად, სრულდება დასავლეთთან პარტნიორობა და დასრულდა დადებითი საგარეო შოკიც, რაც საქართველოს ეკონომიკას [ზრდაში ეხმარებოდა]. მიუხედავად ამისა, ბიზნესს სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ვფიქრობ, მათთვისაც იწყება ახალი ეტაპი.
- საქართველოს ბიზნესასოციაციას BAG-ინდექსის პირველი კვარტალის შედეგის საჯარო პრეზენტაცია არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, როდესაც მსხვილი და საშუალო ბიზნესის დიდ ნაწილის შეფასებით, ბიზნესის მდგომარეობა და ბიზნესკლიმატი პანდემიურ ნიშნულზეა, მმართველი პარტიისადმი თუნდაც ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენები ხელისუფლებისთვის ეკონომიკაში მოსალოდნელი რისკების ახსნას არ უნდა შეეცადონ?
- ჩემი აზრით, ის, რასაც აკეთებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, არის პასუხი [ეკონომიკაში რისკებზე]. ვგულისხმობ ოფიციალური პირების ტურებს აღმოსავლეთის ქვეყნებში. არ მჯერა, რომ ამ მდგომარეობის [მოსალოდნელი პრობლემების] შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ „ქართულ ოცნებაში“. ყველა მათი ქცევა პასუხია ამ მდგომარეობაზე, მაგრამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი აკრძალული აქვთ და ვიღებთ ამ უცნაურ მდგომარეობას, როდესაც ერთი მხრივ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვამჩნევთ, რომ ისეთ უცნაურ, არადემოკრატიულ ქვეყნებში ისეთ უცნაურ ბიზნეს შესაძლებლობებზე არის საუბარი, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი ძალიან კარგად არ არის; რისკებს ვხედავ, რომ სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე არ მოხდეს, დროებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.