"ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოა და ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან", - ამის შესახებ კომპანია “დიოში” აცხადებენ.
როგორც “დიოს” მმართველმა პარტნიორმა, თამაზ დაუშვილმა „საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ბიზნესის გარდა შექმნილი ვითარების ფონზე, სიფრთხილეს მოსახლეობაც იჩენს და ამ ეტაპზე მსხვილი შენაძენისგან თავს იკავებს.
დაუშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, პროცესების ასე გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, შენელებული ბიზნეს აქტივობა უკვე ზრდის ტემპზეც აისახოს.
„იმ ფონზე, რაც საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება, არაა გასაკვირი, რომ რა თქმა უნდა, ყველასთვის და მათ შორის ბიზნესისთვის არასტაბილური გარემოა მთავარი გამოწვევა. ბუნებრივია, რომ ინვესტორები უფრო ფრთხილად უყურებენ [გარემოს], ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, რომ იმის მიხედვით დაგეგმონ საკუთარი მომავალი ინვესტიციები. ამას ასევე ისიც ემატება, რომ გარდა იმისა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები სიფრთხილეს იჩენენ, შეიმჩნევა, რომ უკვე მოსახლეობაც ცდილობს, რომ მსხვილი შენაძენისგან თავი შეიკავონ და შემდეგ თვეებში ეს შეიძლება უფრო ნათლად გამოჩნდეს, იქნება ეს უძრავი ქონება, ავტომობილები თუ სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საკითხები, რომლებიც მთელ საზოგადოებას გვაღელვებს, მალე მოგვარდეს და გარკვეული გამოსავალი იქნეს მოძებნილი“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანია მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს.




























