სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლის, ჰოტელიერის მაია მურაჩაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ჰორეკა სექტორში სახელმწიფო პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული ნაწარმის რეალიზაციას აკრძალავს, ძირითადად მცირე ზომის ობიექტები დაზარალდებიან, რადგან მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში, პლასტიკის ნაწარმს ისედაც არ იყენებენ.
საქმე ის არის, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარმასპინძლობის სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის შესყიდვა შესაძლოა აიკრძალოს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაძლო რეგულაციებზე ბიზნესთან მუშაობს. საკითხზე მორიგი შეხვედრა უწყებაში გუშინ შედგა.
მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ შეზღუდვა ბიზნესს ხარჯს გაუზრდის, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზე აისახება.
“შეიძლება მაღალი კლასის სასტუმროებს, რომლებსაც ბრენდები უმაგრებენ ზურგს, დიდად ეს არც გაუკვირდეთ და არც ფინანსურად დაარტყას, მაგრამ აკრძალვა საქართველოში დაარსებულ ქართულ ბიზნესებისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური წნეხი იქნება .
ამ პლასტიკებსაც ხომ ვიღაც ამზადებს, ეს ხომ არ არის მხოლოდ ჩემი ბიზნესი, ეს ხომ მომიჯნავე ბიზნესია, რომელსაც ხალხი ჰყავს დასაქმებული და ასევე გადასახადების გადამხდელია, ანუ იმათზეც რომ ვიფიქროთ, მათაც უნდა შეძლონ ადაპტაცია, როგორც ჩვენ. ევროპის ქვეყნებში დღეს ეს შეზღუდვა რეკომენდაციის სახით არსებობს.
ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და ბიზნესის ტკივილის, ხმის მოსმენა და რეკომენდაციის სახე ჰქონდეს რეკომენდაციების სახე. მე როგორც წავიკითხე მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა და სანამ რეგულაციებზე მუშაობა მიმდინარეობს, კარგი იქნებოდა კერძო სექტორის აზრის გათვალისწინებაც”, - ამბობს ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი.




























