საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას განცხადებით, ბიზნესისთვის გიორგი გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო.
„გადაწყვეტილება და მისი შინაარსი, რომელიც აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა გააჟღერა, ნამდვილად სიურპრიზი იყო. აბსოლუტურად წარმოუდგენელია ამ ვითარებაში განსაკუთრებით, როცა ასეთი დაძაბული პოლიტიკური ფონია, ასეთი დეტსაბილიზაცია მმართველ გუნდში. ამიტომ საუბარი ბიზნესის და თითოეული მოქალაქის მხრიდან, რომ პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, არის არასწორი.
პოლიტიკა თიოთოეულ ჩვენგანს ეხება, რადგან თითოეული ჩვენი გადახდილი გადასახადებით იმართება პოლიტიკა და იღებენ ხელფასებს პოლიტიკოსები, ამიტომ დღევანდელმა ფაქტმაც ცხადყო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში, პოლიტიკურ ჭრილში აქტიური ჩართულობა როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნეს-სექტორის, რადგან ბიზნესი არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს და არჩევნების წინა პერიოდში ბიზნესში ყოველთვის არის ძალიან დაბალი აქტივობა. პანდემიიდან გამოწვეული სირთულეები კიდევ სხვაა. ხაზგასასმელია აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოზე და ა.შ.“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
მისი შეფასებით, ინვესტიციების შემოსვლაზე საუბარი დღეს არ შეიძლება, რადგან ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა და სასამართლო საერთოდ არ არსებობს.
„ალბათ უახლოეს მომავალში საუბარიც არ იქნება იმაზე, რომ ინვესტიციები შემოვიდეს. რა განმუხტავს ამ სიტუაციას, ამის პროგნოზირებაც მიჭირს“, - ამბობს ბიზნესმენი.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, ივა ჭყონიას შეფასებით, ის ბიზნესისთვის სტაბილურობასთან ასოცირდებოდა, რადგან მისი კარიერა ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტიდან დაიწყო და ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.
„მისი გადადგომა და მოლოდინი იმაზე, თუ ვინ შეცვლის, ძალიან რთული იქნება ბიზნესისთვის, რადგან მომავალს ვერ დაგეგმავენ. ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ნებისმიერმა ბიზნეს-ოპერატორმა საქართველოში“, - დასძინა მან.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, როგორც კრიზის მენეჯერის შეფასებას, ივა ჭყონია ამბობს, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შეზღუდვების დაწესება ლოგიკური იყო, თუმცა მეორე ტალღის დროს - არა.
„როგორც კრიზისმენეჯმენტი გარკვეულწილად დადებითი იყო დასაწყისში, თუმცა იყო ჩავარდნებიც“, - ამბობს ბიზნესმენი.
„გადაწყვეტილებებში რამდენად დამოუკიდებელი იყო, მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, თუმცა გარკვეულწილად ბიზნესს ეხმარებოდა, მაგრამ იყო ბევრი პრობლემაც. რამდენიმე ასოციაციის სახელით მივმართეთ, შექმნილიყო საკონსულტაციო საბჭო, თუმცა ამაზე პასუხიც კი არ მიგვიღია და შეიძლება საწყენიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ალბათ შიგნით გუნდში პრობლემების ბრალი იყო, რომ გარკვეული მიმართულებით არის ჩავარდნები ეკონომიკაში“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ და თავად გიორგი გახარიასთვის ე.წ. შავ ლაქად მიიჩნევს ანაკლიის პროექტის ჩავარდნას, ხოლო დადებითი კუთხით რაიმე კონკრეტულ ფართომასშტაბიან რეფორმას ვერ იხსენებს.
კითხვაზე, 10-ბალიანი სისტემით, რამდენ ქულას დაუწერდა ის, როგორც ბიზნესმენი გიორგი გახარიას ბიზნესთან კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების მიმართულებით, ივა ჭყონია ამბობს, რომ 5 ქულას დაუწერდა.
რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინი აქვს მომავალი პრემიერისგან, ბიზნესმენი პასუხობს- „თუ პოლიტიკური სიტუაცია არ დასტაბილურდა, ბიზნესს ვერ ეშველება. ყოველთვის იქნება გაურკვევლობაში“.




























