მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესისთვის ლარის გამყარება უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე უარყოფითად“ - ოთარ ნადარაია

64454bf09de5a
ლიკა მეგუთნიშვილი
23.04.23 18:34
1988
„მთლიანობაში, ვფიქრობ, ბიზნესისთვის ლარის გამყარება უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე უარყოფითად“, - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ში სტუმრობისას „თიბისი კაპიტალი“-ს მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ლარის გამყარება როგორც ექსპორტიორებზე, ასევე იმპორტიორებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს. მთლიანობაში კი, ის დადებითი ფაქტორი, რაც ლარის გამყარებას თან სდევს, სახელმწიფოს ვალის ტვირთის შემცირება და იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასის დაკორექტირებაა.

„ბუნებრივია, როდესაც ექსპორტიორებზე ვსაუბრობთ, მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის ინდუსტრიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტთან არიან კონკურენციაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველას ინტერესი გათვალისწინებული იყოს. თუმცა მაკროეკონომიკურ დონეზე თუ შევხედავთ, ჯამურად ლარის კურსი ექსპორტისა თუ იმპორტისთვის, გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.

მთლიანობაში კი, ვიცით, რომ ქვეყანას ვალი ევროსა და დოლარში აქვს აღებული. შესაბამისად, ლარის გამყარება სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუმჯობესებას და ასევე ვალის ტვირთის შემცირებასა და იმპორტული პროდუქციის გაიაფებას განაპირობებს. შესაბამისად, ლარის გამყარების ეფექტი - დადებითია“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

ოთარ ნადარაიას შეფასებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ძლიერი სავალუტო შემოდინებები ფიქსირდება. ამის პირობებში კი, უახლოეს თვეებში ინფლაციისა და ლარის კურსის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ერთწლიან ჭრილში კი, „თიბისი კაპიტალი“-ს მთავარი ეკონომისტი, ლარის გამყარებაზე მეტად, მის გაუფასურებას პროგნოზირებს.

ცნობისთვის: „თიბისი კაპიტალი“-ს გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.60, 2024-ში კი - 2.70 იქნება. ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.91, 2024 წელს კი 3.08 არის ნავარაუდები. „თიბისი კაპიტალი“-ს ლარის პროგნოზის მიხედვით, სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება საბაზო სცენარი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები