„ბიზნესისთვის მთავარია, ევროპული რეგულაციები აზიური მეთოდებით არ დაინერგოს“, - ეს განცხადება "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრისას განაცხადა.
BAG ინდექსის შედეგებიც ადასტურებს, რომ კერძო სექტორს, დღესდღეობით, ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები აწუხებს.
„ადმინისტრაციულ ბარიერებში ვგულისხმობთ იმ რეგულაციებს, რომელიც მიიღება; ბიზნესს ესმის რიგი რეგულაციების საჭიროებაც, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, თუ ევროპულ რეგულაციებს ვიღებთ, ის ევროპული მეთოდებით დავნერგოთ და არა აზიურით, რაც ნიშნავს ხისტ მიდგომას, რომ ერთ ღამეში შევიკრიბეთ, გადავწყვიტეთ რაღაც რეგულაციის შემოღება და ხვალიდან ავამოქმედეთ. როგორია ევროპული მოდელი? - რეგულაციების მიღებისას, იწვევენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოქმედი პირები საუბრობენ, აანალიზებენ მოსალოდნელ დადებით და უარყოფით შედეგებს და თანხმდებიან დანერგვის ვადებზეც. რეგულაციების ევროპული მოდელით დანერგვას ერთი ნაკლი აქვს - დროში ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ, ნეგატიური ეფექტებისგან მეტად გადაზღვეულია“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის და ბიზნესმენების პირველი შეხვედრაც შეაფასა და თქვა, რომ ყველაზე მთავარი, რაც მან მოისმინა, არის პრემიერ-მინისტრის მზაობა, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის.
- პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ გვინდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და გავაგრძელოთ დისკუსია, როგორ შევინარჩუნოთ ზრდის მაღალი ტემპი და მიმართა ბიზნესსაზოგადოებას, რომელსაც ამ მხრივ, ყველაზე მაღალი კომპეტენცია აქვს“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრთა შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ვიწრო, კონკრეტულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე საუბარი არ ყოფილა.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ეს იყო ყველაზე ხშირი პასუხი შარშან.
- სწორია - ევროპული პერსპექტივა ყველაზე მთავარია, რადგან შეიძლება, ყველაფერი წესრიგში იყოს ქვეყნის შიგნით, მაგრამ რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების გამო, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არ შემოდიოდეს; ევროპული სივრცე, პირველ რიგში, გვინდა იმისთვის, რომ ქვეყნის კაპიტალიზაცია გაიზარდოს იმით, რომ უსაფრთხოების სტანდარტი იყო დაცული, საქართველო გაჩნდეს ინვესტორების რუკაზე და მათ იცოდნენ, რომ ინვესტირების შემთხვევაში, ამ ქვეყანაში მათი კაპიტალი დაცული იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა გამოწვევა გვაქვს ქვეყანაში და კიდევ ბევრი რამ გვჭირდება განვითარებისთვის, პირველ რიგში, განათლების რეფორმა.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
ერთმანეთის გაუცხოებას უნდა დაესვას წერტილი. თუ ჩვენ მეტად შევძლებთ ერთმანეთთან საუბარს, ვფიქრობ, ბევრი რამე უკეთ გამოგვივა. ამ მხრივ, მთავარი, კომპეტენტური ადამიანების ძალიან ყურადღებით მოსმენაა, რათა ყველანაირი ნეგატიური შედეგები გადავაზღვიოთ.