მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესიურისტი განმარტავს, რა განაჩენი გამოიტანა ვაშინგტონის არბიტრაჟმა ანაკლიის კონსორციუმის საქმეზე

ჭკუასელი

31 ივლისს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეზე სახელმწიფოსთან დავა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი, რუსა ჭკუასელი ეხმიანება. როგორც ის "ანალიტიკას" ეთერში განმარტავს, სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ბევრ უზუსტობას შეიცავს, საარბიტრაჟო ტრიბუნალს კი მხოლოდ იმის მანდატი ჰქონდა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვიწრო ჭრილში განეხილა.

"განცხადება, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, ბევრ უზუსტობას და შეცდომაში შემყვან ინფორმაცია შეიცავს. ეს დავა იყო ანაკლიის ჰოლანდიელ ინვესტორს, ბობ მეიერსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის და გამომდინარეობდა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებიდან, ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელე იყო ბობ მეიერი და არა მამუკა ხაზარაძე თუ ბადრი ჯაფარიძე, როგორც ამას განცხადებიდან ვკითხულობთ. გარდა ამისა, განცხადება შეიცავს ძალიან ბევრ უზუსტობას თვითონ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, ვითომდა გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პორტის განუხორციელებლობა იყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალი.

ამ ტრიბუნალის მანდატი, რომელიც განიხილავდა დავას, იყო ძალიან ვიწრო. ტრიბუნალს უნდა ემსჯელა და გადაეწყვიტა საქართველოს ქმედებები, რაც განხორციელებული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ხელშეკრულებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენად არღვევდა ინვესტორის დაცვის სტანდარტს, რომელიც დადგენილი არის საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით. ანუ არბიტრაჟი არ შესულა იმის შეფასებაში, ვისი ბრალეულობით არ შედგა პროექტი, ვისი ბრალეულობით ვერ მოხდა დაფინანსების მოპოვება, არამედ ძალიან ვიწრო ჭრილში განიხილა კონკრეტული ქმედებები, რაც ადვოკატების ჯგუფმა ჩავთვალეთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან პროექტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს კონკრეტული ქმედებები არღვევდა თუ არა საერთაშორისო ინვესტორის დაცვის სტანდარტს, როგორიც არის თანასწორი მოპყრობა, ინვესტიციების დაცვის სტანდარტი, გამჭვირვალობა, ექსპროპრიაციის აკრძალვა და ა.შ. - სწორედ ამ ვიწრო ჭრილში შეაფასა. დარღვევა არ გამოვლინდა", - განმარტა რუსა ჭკუასელმა.

ბიზნესიურისტმა BMG-ის ეთერში ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობაზეც ისაუბრა იმ შეფასებების ფონზე, რომლის თანახმადაც აღნიშნული დოკუმენტი კაბალურია. როგორც რუსა ჭკუასელი განმარტავს, არსებობდა მოლოდინი, რომ ინვესტორების მოზიდვის პროცესში, სახელმწიფო დაეხმარებოდა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", რაც სიტყვიერი დაპირება იყო და ხელისუფლებას არ შეუსრულებია.

"ხელშეკრულება იყო ძალიან კაბალური და ფაქტობრივად შეუსრულებელი, ამაზე არაერთხელ ისაუბრა ბატონმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ხელშეკრულებაზე. თავად სახელმწიფოს ადვოკატებისგან გვქონდა ჩვენ მოლაპარაკებების პერიოდში ნათქვამი, რომ "როცა ბანკები მოვლენ პროექტის დასაფინანსებლად, ყველამ ვიცით, ამ ხელშეკრულებას ისე გახვრეტენ, როგორც შვეიცარიულ ყველსო". ანუ საუბარი იყო იმაზე, რომ როცა ბანკები და ინვესტორები, რომლებიც ამ პროექტში ფულის ჩადებას მოინდომებენ, მივიდოდნენ სახელმწიფოსთან და მოითხოვდნენ იმაზე მეტ გარანტიებს, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შეუძლებელი იყო და არის ნებისმიერ პოლიტიკურ კონტექსტში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამხელა მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. აქ საუბარი არის არა მხოლოდ ფინანსურ და იმ მინიმალურ მხარდაჭერაზე, რასაც ინვესტორი სახელმწიფოსგან ითხოვდა, რაც იყო მაგალითად ტვირთბრუნვის გარანტიის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ელემენტარულ პატივისცემაზე ინვესტორებისადმი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის დანახვებაზე, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას ამ პროექტს, მის განხორციელებას და რეალურად უნდა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს. სწორედ ეს ნაბიჯები არ გადადგა სახელმწიფომ, არ დაეხმარა პროექტს", - განაცხადა რუსა ჭკუასელმა.

ცნობისთვის, 31 ივლისს გავრცელებული განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

სინამდვილეში, საქმე ეხება ანაკლიის პორტის პროექტში, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორის ბობ მეიერის ცალკე საარბიტრაჟო სარჩელს - საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ”. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

ორი საქმე არბიტრაჟში და ორი განაჩენი - ყველაფერი ანაკლიის დავის შესახებ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები