კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში BDO-ს აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, საქართველოში „ბიზნესმა ახალ რეალობაზე მორგება დაიწყო“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ქართული ბიზნესის დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ინტერვიუში ზურაბ ლალაზაშვილმა, რომელიც ამჟამად BDO-ს CCA-ს ხელმძღვანელობს და თბილისის ოფისიდან ოთხ ქვეყანას - უზბეკეთს, სომხეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს - მართავს, ყურადღებას ამახვილებს ინვესტორთა ინტერესების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, კომპანიების მოსალოდნელ კონსოლიდაციასა და იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე, რომელთა გარშემოც საზოგადოება ქვეყნის განვითარებისთვის უნდა შეჯერდეს.
ინტერვიუ ზურაბ ლალაზაშვილთან
- ძველ ინტერვიუებს რომ გადავხედე, 2024-2025 წლებში ხშირად ვსაუბრობდით იმაზე და თქვენი აქცენტიც ის იყო, რომ შემცირებულია მოთხოვნა BDO-ს ისეთ სერვისებზე, რომლებიც ახალ ინვესტორებს სჭირდებათ, რომ ბიზნესი მიჰყვება დინებას, რადგან არ იციან, მომავალში რა იქნება და ა.შ. 2026 წლის სტარტი, ამ მხრივ, რა განწყობებსა და შთაბეჭდილებებს გიტოვებთ უშუალოდ ქართულ კლიენტებთან და კომპანიებთან ურთიერთობისას?
- იცით, როგორ არის?! ახლა რასაც დავაკვირდით და როგორც 2025 წელი შევაჯამე - შედეგი მოლოდინზე უკეთესი იყო. პირველი ექვსი თვის შემდგომ ბიზნესმა დაიწყო მორგება ახალ რეალობაზე... ეს ყოველთვის ასე ხდება: როდესაც არის გაურკვევლობა, ბიზნესი ჯერ ფიქრობს, რა მოხდება, როგორ მოხდება და მერე იწყებს გადაწყობას, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია - მაშინ უნდა დაიშალოს. სხვათა შორის, ბიზნესმა გადაწყობა გაცილებით სწრაფად მოახდინა, ვიდრე ეს შარშან იანვარში იყო პროგნოზირებადი; ამიტომ ჩვენც ამ ბიზნესს მივყვებით ხოლმე და სწორედ ამან განაპირობა ჩემი შეფასება, რომ 2025 წელი უკეთესი იყო, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. 2026 წელიც რომ დაიწყო, იყო ეს ომი თუ სხვა მოვლენები - ეს ყოველთვის იწვევს გარკვეულ შოკს, გაჩერებას და დაპაუზებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ რა და როგორ სჯობს, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ყოველ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ბიზნესი იმავენაირად მოერგო ამ ახალ რეალობას. შესაბამისად, რომ ვთქვა, ბიზნესაქტივობა გაჩერებულია-მეთქი - არა; ნამდვილად აქტიურია...
- აქტიურობენ ახალი ინვესტორები თუ არსებულები ფართოვდებიან?
- უფრო არსებული კომპანიებია... რასაც ვუყურებთ, ესენი არიან არსებული ქართული კომპანიები, რომლებიც ან რაღაც ახალს იწყებენ ან არ ჩერდებიან და აკეთებენ. ახლა ბევრი რამ ხდება და მე მგონია, რომ სულ უფრო მეტი კონსოლიდაცია იქნება - კომპანიების გაერთიანება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ.
- რატომ გაქვთ ეს მოლოდინი?
- იმიტომ მაქვს, რომ როდესაც კომპანიები იზრდებიან და კონკურენცია ძალიან რთულია, გაცილებით მარტივია გაერთიანება. თუ გარკვეულ თემებს გადალახავ, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება ასე უფრო ადვილია, რადგან თუ ყველასთვის არ არის ადგილი, მერე უბრალოდ ასე ხდება ხოლმე. ამას შეიძლება სხვადასხვა დრაივერი ჰქონდეს: მოთხოვნების ნაკლებობა ან ხარჯების გაზრდა, მაგრამ მგონია, რომ უბრალოდ ბევრი კომპანია საკმარისად გაიზარდა იმისთვის, რომ ეს გააკეთოს - ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ბიზნესებში მოხდება: კომპანიებს, რომლებმაც საქმიანობა 90-იან წლებში ან ცოტა გვიან დაიწყეს, დაუდგებათ ე.წ. „საქსეშენის“ ანუ მემკვიდრისა და დამფუძნებლის ცვლილების თემა. ეს შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები ან თუ არ სურთ, მოხდეს გაყიდვა და ა.შ. ჩვენ ამ პროცესს გარკვეულწილად ვაკვირდებით, თუმცა ეს უფრო და უფრო გამოვლინდება, ვინაიდან პირველი თაობის ბიზნესმენებს მეორე თაობა ჩაანაცვლებს - იქნება ეს ოჯახი თუ სხვა.
- რა არის ბიზნესისთვის მთავარი რისკები საქართველოში, რაც შეიძლება ზედაპირზე არ ჩანდეს, რადგან ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება, მაგრამ აუდიტორის თვალი ხედავდეს?
- ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება და რაც შეიძლება მალე დასრულდეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი. არავინ იცის, მათ შორის არც ჩვენ, რა გავლენას მოახდენს ეს, საბოლოო ჯამში, გლობალურ ეკონომიკაზე. უკვე ვხედავთ ფასების ზრდას, მაგრამ სადამდე გაიზრდება ეს ფასები, რაზე აისახება საბოლოოდ, როდის შეიძლება დასტაბილურდეს და როდის გადაეწყობა გლობალური ბიზნესი ამ ახალ რეალობაზე - ეს არავინ იცის. ამიტომ, ეს ერთ-ერთი გამოწვევა შეიძლება იყოს ჩვენთვის. მეორე, კონკრეტულად საქართველო რომ ავიღოთ, ყველაზე მეტად საყურადღებოა ინვესტორების მიერ ინტერესის დაკარგვა საქართველოს მიმართ. მაგალითად, დაახლოებით, ორი კვირის წინ იყო კაპიტალის ბაზრის ძალიან დიდი კონფერენცია და ვხედავთ, რომ ინვესტორების მხრიდან ინტერესი საქართველოს კაპიტალის ბაზრისადმი არსებობს: ფულს აბანდებენ, რისკს აფასებენ მისაღებ დონეზე და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ამ ინტერესის დაკარგვა და გაქრობა, როდესაც აღარ მოუნდებათ საქართველოში ინვესტიციის ჩადება და რესურსების გამოშვება, ძალიან საყურადღებო თემაა - ჯერჯერობით, ამას პირდაპირ ვერ ვაკვირდებით. შეიძლება არ ჩამოდიან ინვესტორები, ვინც აქ ბიზნესს აკეთებენ, მაგრამ ის, რომ კაპიტალი მიაწოდონ და იყიდონ სხვადასხვა კომპანიის, ბანკების თუ სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციები, ეს მნიშვნელოვანია და ეს პროცესი არსებობს.
- რას სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? ბატონო ზურაბ, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და თითქმის ყველა ინტერვიუში ხაზს უსვამდით ევროინტეგრაციის გზის გაგრძელების მნიშვნელობას. დღეს, სამწუხაროდ, ამ გზაზე წინ ვერ მივდივართ...
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მგონია, არის საზოგადოების კონსოლიდაცია. ჩვენ ვართ ძალიან ტურბულენტურ გარემოში და არ ვართ შეჯერებული იმაზე, თუ როგორი ქვეყანა გვინდა დავუტოვოთ მომავალ თაობას, თუნდაც უსაფრთხოების კუთხით...
- შეჯერებული ვიყავით ორი წლის წინ, როცა ძალიან ბევრი ათასი ადამიანი ვიდექით რუსთაველზე და პროევროპული პროტესტი გრძელდება...
- დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი იდგა [რუსთაველზე], თუმცა მე ვგულისხმობ საზოგადოების უმრავლესობის შეჯერებას იმაზე, თუ როგორი ქვეყანა გვინდა დავუტოვოთ მომავალ თაობას. ეს არის ხოლმე მნიშვნელოვანი - ამაზე შეთანხმება. ეს განაპირობებს უსაფრთხოების, განათლებისა და ეკონომიკური განვითარების თემებს. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ცალ-ცალკე არ არსებობს. სანამ ამ საკითხების გარშემო გაერთიანება არ მოხდება, მანამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება - ისეთი დონის, რომ პროცესები შეუქცევადი გახდეს და ემიგრანტებს წასვლის ნაცვლად ჩამოსვლა მოუნდეთ, გაჭირდება. სანამ ვერ შევჯერდებით, როგორი ქვეყანა გვინდა და სანამ ყველა, ვისაც შეგვიძლია, მაქსიმალურ ძალისხმევას არ ჩავდებთ ამაში, გაგვიჭირდება.
- წერტილი რას უნდა დავუსვათ საქართველოში?
- ეს ქვეყანა ყველასია; არავისი არ არის ცალკე აღებული. ვერავინ დაიჩემებს, რომ აი, ჩემია და მე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე თქვენ ან ვიღაცას ჩემზე ნაკლებად უყვარს. ეს ყველასია და, შესაბამისად, ყველას საზრუნავია. ისევ იმას ვიტყვი - კონსოლიდაციაა საჭირო. ფრაგმენტაციას და გათითოკაცებას უნდა დავუსვათ წერტილი; დანარჩენი რაღაცნაირად მოგვარდება.




























