მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს პოზიცია... დუმილი თანხმობის ნიშანია - ნიკა ალავიძე

ნიკა ალავიძე

ნიკოლოზ ალავიძე ერთ-ერთია იმ 200-მდე ყოფილ საჯარო მოხელეს შორის, რომელიც ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.

ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას - ყოფილი საჯარო მოხელეები

"არასდროს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არც ახლა ვარ და არც მომავალში ვაპირებ, რომ ვიყო... მაგრამ ძალიან ცუდად არის ქვეყნის საქმე", - თქვა ნიკოლოზ ალავიძემ "წერტილთან" ინტერვიუში და სწორედ ამით ახსნა პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების საჭიროება.

ამასთან, ნიკოლოზ ალავიძემ ინტერვიუში გაიხსენა 2019 წელი და ე.წ. "გავრილოვის ღამე", როცა ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და თქვა, რომ მაშინ საჯარო მოხელეებმა "შიდა საუბრის" ფორმატში გაცვალეს მოსაზრებები.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე მიესალმება მოქმედი საჯარო მოხელეების ნაწილის მიერ მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის ღიად დაფიქსირებას, მაგრამ ფიქრობს, რომ კიდევ უფრო მეტმა საჯარო მოხელემ უნდა გამოხატოს ღიად საკუთარი აზრი.

"საჯარო სამსახურში მუშაობა არაა პრივილეგია, ეს არის ვალდებულება. საჯარო მოხელეების ხელისუფლების კუთვნილი თანამშრომლები არ არიან. ბიუჯეტი არ არის 2-3 ადამიანის. ბიუჯეტში ფული შეგვაქვს ჩვენ - გადასახადების გადამხდელებს, რომელსაც შემდეგ ჩვენ მიერ დაქირავებული მთავრობა ხარჯავს. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. საჯარო მოხელეებმა კიდევ უფრო მეტი სითამამე უნდა გამოიჩინონ და გამოხატონ საკუთარი პოზიცია. ეს არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. ეს ნიშნავს შენი ქვეყნის და შენი შვილების მომავლისთვის ხმის ამოღებას", - აცხადებს ის.

ნიკოლოზ ალავიძე ახლა კერძო სექტორშია, ის რამდენიმე კერძო კომპანიის მართვაშია ჩართული და მიაჩნია, რომ ქართულმა ბიზნესმაც აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.

„დუმილი ხომ, ძირითადად, თანხმობის ნიშანია?! თუ დუმს მსხვილი, საშუალო თუ წვრილი ბიზნესი ამ დუმილით ის უკეთებს ლეგიტიმაციას ჩემი შვილების ტოლი - 25, 20 და 11 წლის შვილები მყავს - ბავშვების და ახალგაზრდების პირდაპირ ეთერში ძალადობას, რომელსაც ერთი კვირაა ვუყურებთ. ახალგაზრდები არ არიან აგრესიულები.

ამდენად, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ბიზნესების დუმილი ნიშნავს ამ ყველაფრის ლეგიტიმაცია [რასაც ქვეყანაში ხდება]. მე არ ვამბობ, რომ ბიზნესმა უნდა დაგმოს ან აღშფოთდეს - არა. მათ უბრალოდ თქვან, ეს სწორია ან ეს არის არასწორი. ორივე შემთხვევაში, პოზიცია უნდა დააფიქსირონ“, - აცხადებს ნიკა ალავიძე „წერტილთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას თავნებობას.

„წერტილი უნდა დაესვას გაუთავებელ ექსკლუზიურობას, რომ მხოლოდ მას შეუძლია კონსტიტუციის წაკითხვა და სხვას არავის, რომ მხოლოდ მას შეუძლია წაკითხულიდან აზრის გამოტანა და სხვა არა“, - განაცხადა ნიკა ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები