მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს წესები აზრს უკარგავს საჯარო სამსახურის რეფორმას - არასამთავრობო სექტორი

ngo

საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხები მარტივდება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირის ბოლოს დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას.

განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების მისამართით ამოთქმული მუქარა - რომ მათ მიერ დაფიქსირებულ უკმაყოფილებას “რეაგირება მოყვებოდა” - რამდენიმე დღეში სისრულში მოიყვანა. კერძოდ პარტიამ საქმე გაიმარტივა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ისეთი ჩანაწერები შეიტანა, რის საფუძელზეც საჯარო მოხელეები სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს, ხოლო არასასურველ საჯარო მოხელეს სამსახურიდან როცა მოესურვებათ მაშინ გაუშვებენ. კერძოდ:

  1. საჯარო სამსახურში თანამდებობებზე პირების დანიშვნის წესი იცვლება:
  • შუა რგოლის თანამდებობის პირები აღარ ჩაითვლებიან უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელეებად: კანონის ამოქმედების დეპარტამენტის და სამსახურის უფროსები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან, რაც ნიშნავს რომ მათ შრომის პირობები ეცვლებათ და უვადოდ დანიშნულებად აღარ ითვლებიან. უწყების ხელმძღვანელს/მინისტრს ნებისმიერ დროს შეეძლება ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან.
  • უწყების ხელმძღვანელის/მინისტრის დანიშვნის შემთხვევაში ყველა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას. მიუხედავად იმისა რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და გაუარესებული შრომითი პირობებით გააგრძელებენ საქმიანობას, კანონის მიხედვით, უწყებაში ახალი მინისტრის მოსვლის შემთხვევაში მათ ავტომატურად შეუწყდებათ ხელშეკრულება.
  • უკონკუროსოდ დანიშვნის წესი ბრუნდება. ახალ ხელმძღვანელს/მინისტრებს უფლება ენიჭებათ საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე (მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, სამსახურის უფროსი, მოადგილე და აშ) ხელშეკრულებით უკონკურსოდ დანიშნოს პირები მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადით. პირებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეობა არ მოეთხოვებათ, მათთვის ამიერიდან უმაღლესი განათლებაც და სახელმწიფო ენის ცოდნაც არაა სავალდებულო. ყოველივე ზრდის ნეპოტიზმის რისკებს და ძირს უთხრის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას და პროფესიულ სტანდარტებს.
  • საჯარო სამსახურში თანამდებობის პირების მუშაობის ვადა შემოიფარგლება მინისტრის თანამდებობაზე ყოფნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი მინისტრი მისთვის სასურველ დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს დანიშნავს. დანიშვნის დროს კი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ პირის უშუალოდ მათი ხელმძღვანელის მიმართ ლოიალურობა და არა კვალიფიკაცია.

ამით მთლიანად ირღვევა საჯარო სამსახურის სტაბილურობა და ინსტიტუციური მეხსიერება.

  1. იცვლება საჯარო მოხელეების შეფასების სისტემა.
  • საჯარო მოხელეს წელიწადში ერთის ნაცვლად, 2-ჯერ შეაფასებენ - კერძოდ, 2 უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მას ორი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დაატოვებინებენ სამსახურს. როგორც ჩანს ეს წინა ცვლილებასთან არის კავშირში. ახალი მინისტრის მიერ მოყვანილ ახალ თანამდებობის პირს შეეძლება მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მარტივად გაუშვას სამსახურიდან.
  • საჯარო მოხელის უშუალო უფროსის შეფასება დაწესებულების უფროსს შეუძლია შეცვალოს. დაწესებულების უფროსს, მიუხედავად იმისა თუ რა შეფასებას აკეთებს საჯარო მოხელის უშუალო უფროსი, შეუძლია შეცვალოს ეს შეფასება. რაც შეიძლება საფუძველი გახდეს ამ პირის გათავისუფლების ან მისთვის ხელფასის 20% დაქვითვის. აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება იმას, რომ თუკი ახალი უწყების ხელმძღვანელი შეეცდება მისთვის არასასურველი პირების სამსახურიდან გაშვებას მისთვის უშუალო ხელმძღვანელის შეფასება წინაღობვას აღარ წარმოადგენს და მას მარტივად ექნება შესაძლებლობა კვალიფიციური კადრიც გაუშვას თანამდებობიდან.
  1. საჯარო მოხელის შრომითი გარანტიები უქმდება: რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაში სამსახურში აღარ აღადგენენ და რეზერვში ჩარიცხავენ.

ეს წესები აზრს უკარგავს საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და საჯარო სამსახურს მთლიანად პარტიულ ნებას უქვემდებარებს. ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.

"საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას - ISFED

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები