მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორებს ვეუბნებით, ნუ შემოგაქვთ ცუდი ფული ქვეყანაში - ლადო კახაძე "რუსულ კანონზე"

ლადო კახაძე
გიგა ბენია
10.04.24 22:46
1120

"ქართული ოცნების" წევრი ლადო კახაძე აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიზანი, იმ თანხების ხარჯვის მიზნობრიობის გამჭვირვალობაა, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები დონორი ორგანიზაციებისგან იღებენ. დეპუტატი BMG-ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ დონორების ნაწილს საქართველოში "ცუდი ფული" შემოაქვს.

- ბატონო ლადო, როგორ აფასებთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს?

- ჩემი პროფესია იცი?

- დიახ.

- რა არის ჩემი პროფესია?

- ექიმი.

- ექიმი და გამჭვირვალობა ერთმანეთთან ერთი - ერთშია. შენ რომ რამე გჭირს, უნდა მითხრა. თუ ეს გამჭვირვალობა ჩვენ შორის დაირღვა, დაავადება გაიმარჯვებს. დღეს მსოფლიო, ის ნაწილი, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერია, ყველა უჭერს მხარს გამჭვირვალობას.

- ფიქრობთ, რომ გამჭვირვალობისთვის საჭიროა, ადამიანს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი დავარქვათ?

- კოვიდი გავიარეთ?

- დიახ.

- ვირუსი როგორი ფორმით შემოვიდა? შენ იცოდი? შენ რომ ვირუსით ავად გახდი , სხვის სახლში რომ მიდიოდი, დაავადების გამავრცელებელი იყავი?

- დიახ.

- ამიტომაც, დაავადება გაუმჭვირვალობა საიდან შემოვა, მნიშვნელობა არ აქვს.

- სოფლის მეურნეობის, განათლების თუ სხვა მიმართულებებში არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საჯარო უწყებები ბიზნესებს, ადამიანებს ეხმარებიან. ასეთ ორგანიზაციებს, მაინც და მაინც, საჭიროა, სხვისი ინტერესების გამტარებელი დავარქვათ?

- ახლა რაც თქვი, ყველაფერი ტყუილი თქვი.

- რა ვთქვი ტყუილი?

- არცერთ სივრცეში, არც სტუდენტებს, არც სოფლის მეურნეობას, არც მეცნიერებას, არც ხელოვნებას, არავის არ ეხება. შენი სიტყვები უარყავი!

- არ მითქვამს, რომ სტუდენტებს ეხებათ…

- შენ თქვი, დაერქმევათ აგენტიო.

- მაბრალებთ, მე ვთქვი, რომ...

- კი არ გაბრალებ, შენ ეს თქვი. ახალგაზრდა კაცი ხარ და ასე არ უნდა გაიყიდო.

- მე ვიყიდები, ბატონო ლადო?

- ვიღაცამ დაგავალა.

- არავინ დამავალა, კითხვას გისვამთ.

- მაშინ, არასწორად აზროვნებ.

- შესაძლოა, არასწორად გაიგეთ და გაგიმეორებთ: ორგანიზაცია, რომელიც მაგალითად, usaid-ისგან დახმარებას იღებს და ეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხომ იქნება სხვისი ინტერესების გამტარებელი?

- იმავეს იმეორებ.

- ასე არ წერია კანონპროექტში?

- არა.

- აბა, როგორ წერია?

- კანონში წერია შემდეგი რამ: ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავისი შემოსავლის 20%-ზე მეტს იღებენ უცხო ქვეყნიდან და არ გაასაჯაროებენ, ისინი კანონის წინაშე ვალდებულები იქნებიან. ვიცი,რომ უნდა იმუშაოთ, სხვანაირად ფულს ვერ მიიღებთ.

- არავისგან ფულს არ ვიღებ და არც არავის დაუვალებია.

- თქვენ ღია ხართ?

- ყველა ღიაა.

- რატომ წუხხარ მაშინ?

- არ მინდა ჩემი ქვეყანა რუსულ ორბიტაზე იყოს და ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს.

- ესეც დაკვეთაა, რომ თქვენ ხშირად თქვათ რუსული.

- ვინ დამიკვეთა, ბატონო ლადო?

- მე ხომ არ ვიცი?! საქართველოს ბინადარი , რომელიც თავისი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, სიტყვა რუსულს არ ახსენებს. ის ისე მოიქცევა, რომ რუსმა ვერ მოუგოს.

- მაშინ თქვენ რატომ იქცევით ასე?

- ჩვენ ახლა სტრასბურგის სასამართლოში კიდევ მოვუგეთ რუსეთს. როდესაც ახალგაზრდა კაცი ხედავ, რომ საქართველო ჰააგაში, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ყველაფერს იგებს, ერთიანად, ამის დარღვევა უნდა მას, ვინც გაუმჭვირვალე ფულით სარგებლობს.

- მე თუ არასწორად ვაზროვნებ, ევროკავშირი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ყველა მეგობარი ქვეყანა არასწორად აზროვნებს?

- ამერიკა ჩვენი უდიდესი მეგობარია. შენ როგორ გგონია? ამერიკაში ყველა დონორი კეთილსინდისიერია თავისი ამერიკის მიმართ? უნდა ვიცოდეთ, რომ ის ამერიკას არცხვენს. ჩვენ ვეუბნებით დონორებს: კაი ხალხი ხართ და ნუ არცხვენთ თქვენი ქვეყნის იმიჯს. ჩვენთან ცუდი ფული ნუ შემოგაქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები