ფერმერული მეურნეობა „აგრო-1959“-ის მმართველ პარტნიორი და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე "ქართული ოცნების" კანონს იწონებს. გელა ხანიშვილს არ მიაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონი რუსულია. მისი განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი იარლიყი არ არის და ის აღქმაზეა დამოკიდებული.
- არ მესმის დეკლარაციის მიმართ ასეთი არაბუნებრივი შიში.
- შიში არ აქვთ…
- ეს არის არაბუნებრივი შიში. მე, მაგალითად, როგორც სახელმწიფო მოხელე, 1998 წლიდან დეკლარაციას ვამზადებდი. გარდა ამისა, ყველა ის ე.წ. NGO, რომელსაც სახელმწიფოსგან ფინანსების ხარჯვაზე დოკუმენტები სჭირდება, ჩვენგან 10 ათასობით გვერდს იღებდნენმ არსებობდა უამრავი კითხვა, ანალიზი... ის, რომ დეკლარაცია შეივსოს, რა პრობლემაა?
- თქვენ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყავით და კარგად იცით არასამთავრობო ორგანიზაციების, დონორების დახმარებები სოფლის მეურნეობის სექტორში. თქვენც ბევრი პროექტი გაგიკეთებიათ მათთან ერთად. მაგალითად, მე, გიგა ბენია სოფლის მეურნეობაში, მაგალითად, მერძევეებს ვეხმარები, რომ დარგი განვითარდეს, ხარისხიანი რძე, ყველი აწარმოონ. ამ შემთხვევაში, ჩემი ფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება არის. ფიქრობთ თუ არა, რომ მე უნდა მერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, ე.წ. აგენტი? ტერმინი რამდენად სწორად მიგაჩნიათ?
- ტერმინი არ მიმაჩნია სწორად, რადგან აღქმებზეა საუბარი. უცხოური ინტერესების გამტარებელი მე ,როგორც მინისტრის მოადგილე, ვიყავი და ვარ. არის ყველა ის NGO, რომელიც ატარებს თავისი სიტუაციით. მთავარია, ამ ინტერესის მიღმა ჩვენ რას წავიკითხავთ. როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, ვიყავი ლიდერი და 300 მილიონი დოლარის ფარგლებში მელიორაციისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობდით, რომ ეს ფული მოგვეტანა. ამ ფულს ხარჯავს მელიორაციის გარდა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ბანკი, საფრანგეთის განვითარების ბანკი. ყველა ეს ორგანიზაცია მის მიერ მოცემულ ფულს ხარჯავს მისი წესებით. ეს ფული არ იხარჯება საქართველოს წესებით.
- ანუ თქვენ მათ ინტერესებს ატარებდით?
- რეალურად, ვატარებდით და ვატარებთ სახელმწიფოს ინტერესებს, მათი და ჩვენი ინტერესი თანხვედრაშია. ისინი მოდიან, გვასწავლიან, გვზრდიან, აუმჯობესებენ და ეს არის ზუსტად თემა, როგორ მოვნახავთ ამ ყველაფერს. როდესაც დაფინანსების წყარო გაქვს , ვერცერთ ფულს ვერ დახარჯავ თუ შენ არ შეასრულე ფულის წყაროს მოთხოვნა. ნებისმიერ პროექტში მოთხოვნები არის უზარმაზარი. მაგალითად, გამოცხადებულია ევროკავშირის მიერ პროექტი, ვთქვათ, როგორ განვითარდეს სოფლის მეურნეობაში ფერმერის მდგრადობა. ერთ-ერთი მიმართულება ავიღოთ დაზღვევა. ამ დაზღვევაზე რომ ფული მიიღო, უნდა შესთავაზო ისეთი პროექტი, რომელიც მისაღები იქნება პროექტის გამომცხადებლისთვის. გამომცხადებელი ცუდი ინტერესით კი არ მოდის. ჩვენ ამაში ნუ დავინახავთ, რომ ვიღაც ცუდს ამბობს. მე, როდესაც ვარ დაფინანსების გამცემი, მაქვს ინტერესი", - განაცხადა გელა ხანიშვილმა.