დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება გამჭვირვალობის პროცესს გააჯანსაღებს. თამარ გაბუნია BMG-სთან აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი პრინციპია.
"გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო დონორებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვფიქრობთ, რომ მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ამ პროცესს გამჭვირვალეს და პასუხისმგებლობას მკაფიოს [გახდის], ამ მიმართულებას მხოლოდ გააჯანსაღებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ და არ უპასუხა კითხვას, გამჭვირვალობისთვის აუცილებელია თუ არა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც გრანტის სახით 20%-ზე მეტ თანხას იღებენ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ერქვათ.
"ქართულმა ოცნებამ" ე.წ. რუსული კანონი პარლამენტში გასული კვირის ბოლოს დააბრუნა. მის დამტკიცებას პარლამენტი 17 მაისს აპირებს.