ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
როგორც ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა, კანდიდატის სტატუსის შეჩერება „პოლიტიკურად შესაძლებელია, რადგან ეს ჯერ კიდევ პოლიტიკური კონცეფციაა“.
„ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე, არის საჯარო განახლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონი თავისი საბოლოო ფორმით მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირისკენ გზას.
იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს პირობით, რომლებიც არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის“, - თქვა ლანდსბერგისმა.
როგორც სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის.