მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა „საპოლიციო გამოსახლების“ აღდგენა ითხოვა, მთავრობისგან რეაგირება ჯერ არ ჩანს

639f169b9506a
ლიკა მეგუთნიშვილი
18.12.22 18:00
4524
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ქვეყანაში რუსეთიდან და ბელარუსიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე, საქართველოში ბინის მესაკუთრეები, რომლებიც უძრავ ქონებას აქირავებენ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა ფაქტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქირის გადასახადს არ იხდიან და არც დაკავებულ უძრავ ქონებას ტოვებენ.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელის ვაჟა მებაღიშვილის თქმით, არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა ძირითადად ნაწილს რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც ხშირად უნებართვოდ იკავებენ უძრავ ქონებას და მეტიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყოველგვარი ზარალის ანაზღაურების გარეშე, ქვეყანას ტოვებენ.

„ხშირ შემთხვევაში ბინების უნებართვოდ დამკავებლები რუსები არიან, ნაკლებად - ბელარუსები. გარკვეულწილად, მათი მხრიდანაც არის ასეთი შემთხვევები, თუმცა მეტი წილი, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეებზეა. მათ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. მაგალითად, თუ ურჩი გადამხდელი საქართველოს მოქალაქეა, ამ დროს სამართალწარმოება უფრო გამარტივებულია, მაგალითად, ქონების დაყადაღების სახით. უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი, ძალიან მარტივად შეუძლია, დატოვოს საზღვარი და გავიდეს ქვეყნიდან ისე, რომ ზარალი არც აანაზღაუროს“, - აცხადებს ვაჟა მებაღიშვილი.

მისი თქმით, მართალია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების დონე ამაღლდა, მეტად ინფორმირებულები გახდნენ და რისკები უკეთ გააცნობიერეს, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლის და პრობლემა კვლავ აქტუალურია.

როგორც ვაჟა მებაღიშვილი აღნიშნავს, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა საკონონმდებლო ცვლილების განხორციელება და ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენაა.

ამ მოთხოვნით, ერთი თვის წინ უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მათგან ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ცნობისთვის: ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წელს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა. თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები