“დარწმუნებული ვარ, ბიზნესმენების უმრავლესობა არაა ბედნიერი [მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებით] და თითქმის გამოვრიცხავ, ამ თემას მათგან გამოხმაურება არ მოჰყვეს” - მოქმედი პოლიტიკოსების და ყოფილი ბიზნესმენების 8-8 თვის დაპატიმრების თემაზე BMG-ის გენერალურმა პროდიუსერმა TV “ფორმულაზე”, გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
„რთულად წარმომიდგენია საქართველოში ბიზნესმენი, რომელიც მხარს უჭერს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ამბობს გიორგი ისაკაძე.
TV „ფორმულაზე“ მან ვრცლად ისაუბრა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის მშენებლობასა და ბიზნესის განვითარებაში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წვლილზე.
„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მხოლოდ თიბისის შემქმნელები არ არიან… ამ და კიდევ რამდენიმე ადამიანის ხელში გაიარა საქართველოში შემოსული ინვესტიციების უდიდესმა ნაწილმა“, - აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.
ამასთან, BMG-ის გენერალურმა პროდიუსერმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ არ არსებობს საქმე, რომელიც შეიძლება ვინმესთვის ინდულგენცია იყოს, მაგრამ მიაჩნია, რომ 7-8 თვით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის და სხვების, არაპროპორციულია.
შეგახსენებთ: 24 ივნისს 7 თვით დააკავეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ამავე დღეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს.




























