ბიზნესმენ თამაზ დაუშვილის განცხადებით, ბიზნესსექტორში ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის რისკის ქვეშ დაყენება არ შეიძლება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ შეჩერებულ ევროინტეგრაციასა და უვიზო რეჟიმის გაუქმების რისკზე საუბრისას განუცხადა. „ეს ხალხიც [ბიზნესმენები] ძალიან ნერვიულობს და ძალიან ღელავს, რომ საქმე აქეთკენ არ წავიდეს და საქართველო საბოლოოდ, არ ასცდეს ევროპული განვითარების გზას“, - ამბობს ბიზნესმენი „წერტილთან“ ინტერვიუში.
- ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი თუ გაუქმდა, ვინ იქნება პასუხისმგებელი - მხოლოდ „ქართული ოცნება“ თუ ასევე, ის მოქალაქეები, ვინც სხვადასხვა მიზეზით დღემდე ჩუმად არიან აქტიურად არ გამოხატავენ საკუთარ აზრს?! რამდენიმე დღის წინ „წერტილის“ სტუმარი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იყო, რომელმაც ასეთი ფრაზა თქვა - „ზუსტად იმიტომ ვიბრძვი დღეს, რომ [რეჟიმი] არ მივიდეს იმ ჩემს მეგობრებთან და ნაცნობებთან, რომლებიც დღეს სახლში სხედან და ხმას არ იღებენ, რადგან ვიცი, მათთანაც აუცილებლად მივლენ“...
- ზოგადად, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; ადამიანებმა უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრება და ვისაც ეხება, იმან უნდა გაითვალისწინოს, ხომ? ჩვენ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოსაზრების გამოთქმისთვის ისჯებოდა ხალხი, ამიტომ საზოგადოების უმეტესობა სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ გაჩუმებული იყო...
- ახლა სად ვართ?
- ახლა... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება დააფიქსირონ. რაც შეეხება ამ მტკივნეულ საკითხს - უვიზო რეჟიმის გაუქმების რისკს, ამას წინათ ამერიკის სავაჭრო პალატის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩთან იყო შეხვედრა და იქაც კიდევ ერთხელ, ელჩმა დეტალურად მოგვიყვა ის პროცედურა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ანუ რამდენ ხანში შეიძლება იქნეს მიღებული ეს გადაწყვეტილება და მინდა გითხრათ, რომ ეს [უვიზოს გაუქმება] რეალურად განიხილება. ასეთი სიტყვები ითქვა იმ შეხვედრაზე, რომ უვიზო რეჟიმი არ იყო ვალდებულება. ეს იყო კონტრაქტი საქართველოსთან, რომლის უკან არსებობს რაღაცა პირობები და ეს პირობები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია. ამასთან, გარდა უვიზოს შეჩერებისა, განიხილება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის [გადახედვის] საკითხიც. პირობებს ადგენს არა - ერთი ქვეყანა, არამედ - 27 ქვეყანა. შესაბამისად, ამ 27-მა ქვეყანამ დაადგინა ეს წესები და თუ ამ კონკრეტულ წესებს ვერ შეასრულებს, ეს კანდიდატი იქნება თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა, ბუნებრივად ეს კონტრაქტი ირღვევა. შესაბამისად, ახლა ჩვენს მხარეს არის ბურთი გადმოგდებული, რომ ის პირობები, რასაც გულისხმობენ, უნდა შესრულდეს. აქ არაფერი გაუგებარი არ უნდა იყოს.
- საკმარის ძალისხმევას ვწევთ მოქალაქეები, რომ ეს პირობები შევასრულებინოთ „ქართულ ოცნებას“?
- იცით რა, შეიძლება ზოგი ადამიანი აქტიურად ვერ გამოდის ქუჩაში რაღაცა მიზეზის გამო ან ვერ აფიქსირებს თავის მოსაზრებას, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ალბათ ყველას გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან და აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს [უვიზოს გაუქმება] დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. [თუ ეს მოხდა], ადამიანები ერთმნიშვნელოვნად ჩათვლიან, რომ მთავრობის მიერ რაღაც არასწორად გაკეთდა და ამიტომ მივედით აქამდე... დამერწმუნეთ, ამ ადამიანების უმეტესობა, ვინც არის, ვთქვათ, გადაწყვეტილების მიმღები, ისინიც ხვდებიან თითქოს რაღაცებს, მაგრამ მაინც არ ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება მოხდეს...
- მეტი რა უნდა მოხდეს, რომ მიხვდნენ?
- ვცდილობ, ისე ვისაუბრო, რომ კიდევ უფრო არ დავძაბო სიტუაცია და უფრო გასაგები იყოს იმ ადამიანების მოსაზრება, რომელსაც წარმოვადგენ. ეს ხალხიც [ბიზნესმენები] ძალიან ნერვიულობს და ძალიან ღელავს, რომ საქმე აქეთკენ არ წავიდეს და საქართველო საბოლოოდ, არ ასცდეს ევროპული განვითარების გზას. მათ დავალებას კი არ ვასრულებ და არც უფლება არ ამიღია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესსექტორში ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ არ შეიძლება, საქართველოს ევროპული მომავლის რისკის ქვეშ დაყენება.
- თუმცა თუ ეს ადამიანები ხმამაღლა არ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები გააგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ რუსთაველის გამზირზე მხოლოდ 20-30 კაცი კეტავს გზას - სამწუხაროდ, ეს ფაქტია. "წერტილი" რას დაუსვათ საქართველოში - ბიზნესს რისი დასრულება სურს?
- ჩვენ გვინდა, იყოს გარემო, სადაც ბიზნესს განვითარებისთვის ექნება დიდი არეალი, და ამაში იქნება ჩართული არა მხოლოდ მსხვილი და საშუალო ბიზნესი, არამედ ყველა ადამიანს ექნება იმის განცდა, რომ „ჩემს ქვეყანაში, საქართველოს თითოეულ კუთხეში, შემიძლია უფრო უკეთესად ვიცხოვრო, რაღაც ჩემი საქმე წამოვიწყო და მომავლის იმედით ვიცხოვრო“.




























