მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესმენებმა მანიპულაციებით და საკუთარი პრემიერმინისტრებით მოახერხეს 40-საათიანი სამუშაო კვირის იგნორირება"

5d905b202a41b
თათია ჩაფიჩაძე
29.09.19 12:00
3783
"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ყველა პროფესიის ადამიანზე არ გავრცელდება შრომის კოდექსში ცვლილების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ, თუ პირველ სამსახურშივე ამოწურავენ კოდექსით დადგენილ სამუშაო საათებს.

„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის დიდი ნაწილი სწორედ პროფკავშირებისგან მოდის.

„იმ ინიციატვებზე, რომლებზეც არის საუბარი, სრულად მინდა ავიღო და გავინაწილო პასუხისმგებლობა დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ მისი 90% არის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან.
აუცილებელია, რომ ტრანსპორტით გადაადგილებისას მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, არ შეიძლება მძღოლი მართავდეს ავტომობილს 24სთ-იან რეჟიმში, ან ასეთი შრომის პირობებში ექიმი აკეთებდეს ოპერაციას. ეს თუ შეეხება ჟურნალისტს, მეცნიერს და საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, აქ გარკვეული კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ არსებობს მაღალი რისკის პროფესიები, სადაც ადამიანის დასვენება აუცილებელია.

ბიზნესმენების ნაწილს უნდა, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს იმ აქსიომური ჭეშმარიტებისა, რაც რეალურად უნდა იყოს კანონდებლობაში. ისინი დათანხმდნენ საქართველოს კანონდებლობაში არსებულ ნორმას, რომ 40 სთ-იანი სამუშაო კვირა უნდა იყოს, მაგრამ ათასი მანიპულაციით და საკუთარი პრემიერ-მინისტრებით მოახერხეს ამის იგნორირება. აუცილებელია, რომ ერთი მხრივ, გვქონდეს ცივილური კანონმდებლობა და მეორე მხრივ, შესრულდეს ის. ჩვენთვის დღეს ორივე გამოწვევაა“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, გაკეთდება თუ არა წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასება, პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყება.

„გაზომვადი იქნება ეს სიკეთეებიც და გაზომვადი იქნება ისიც, რა დარტყმას მიაყენებს ბიზნესს. ერთ-ერთი ინიციატივა არის მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. დღეს სახელმწიფო ბიზნესს აძლევს საშუალებას, რომ დამალოს გადასახადები. მინიმალური ხელფასი გახლავთ 20 ლარი, მითხარით ადამიანი, რომელიც 20 ლარად იქნება დაქირავებული და მე განახებთ ბევრ ადამიანს, რომელსაც 20-ლარიანი კონტრაქტი აქვს, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადები იმალება ბიუეჯტში, ასე რომ სახელმწიფო ნუ მეტყვის, რომ მას ფული არ აქვს“ - აცხადებს პეტრიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები