ბიზნესომბუდსმენის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 182 440 გამოყო. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ 6 თებერვლის 284-ე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული თანხა ფინანსთა სამინისტროს გამოეყო.
ფინანსური რესურსი მიიმართება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2025 წლის 31 დეკემბრამდე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გაქვითვისთვის.
საქმე ის არის, რომ 2025 წლის 26 დეკემბერს მთავრობამ 2247-ე განკარგულებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს ვალდებულებად დაეკისრა გაფორმებული ხელშეკრულებების ვალდებულებები 31 დეკემბრამდე გაექვითა.
გაუქმებულ უწყებას ფინანსთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციისთვის უნდა წარედგინა აპარატში დასაქმებული ყველა თანამშრომლის მონაცემები. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს კი იანვრის განმავლობაში მიწოდებული მონაცემების დამუშავება დაევალა. ამავე წესით, მთავრობის ადმინისტრაციამ ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე არსებული მოძრავი ქონება 2026 წლის პირველ მარტამდე უნდა მიიღოს. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტაცია კი საქართველოს ეროვნულ არქივს უნდა გადასცეს.
2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
მანამდე ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო. უწყების ბიუჯეტი 950,000 ლარს შეადგენდა.
ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებდა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადავიდა, საიდანაც დარჩენილ უფლებამოსილებები უნდა შეასრულოს.




























